დღეს გაირკვევა, გაიმართება თუ არა თბილისში საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა

დღეს გაირკვევა, გაიმართება თუ არა თბილისში საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა

საკონსტიტუციო კომისიის საორგანიზაციო კომისია იმსჯელებს, გაიმართება თუ არა თბილისში საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ”რადიო პალიტრის” გადაცემაში ”რეზიუმე” განაცხადა. მისი ინფორმაციით, საორგანიზაციო კომისიის სხდომა დღეს გაიმართება. 

”ამასთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა. სამშაბათს გაიმართება საორგანიზაციო კომისიის სხდომა და იქ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ გაგრძელდება საყოველთააო სახალხო განხილვის პროცესი. პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. კონკრეტულად რა შეხვედრები, სად, როგორ, ეს დაიგეგმება ხვალინდელ სხდომაზე”, - განაცხადა გუშინ კობახიძემ. 

რაც შეეხება დღეს, დიდ საკონცერტო დარბაზში განვითარებულ მოვლენებს, კობახიძის განცხადებით, ძალიან ცუდია, რომ 2500 ადამიანმა 100 ადამიანის გამო ვერ მიიღო ინფორმაცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. 

”განხილვის გაგრძელება დღეს იყო შეუძლებელი. ჯგუფი იყო საკმაოდ მცირე, 100 კაცამდე, „აუდიტორია 115“ და ასევე იყვნენ კონკრეტული ძალები, რომლებსაც ჰქონდათ ორგანიზებული პროვოკაცია. ჩვენ გუშინ გვქონდა ინფორმაცია ამ პროვოკაციების თაობაზე და რეალურად იყო შეუძლებელი ამ პროვოკაციის აღკვეთა, გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც იგეგმება ექსტრემისტული ღონისძიება, უნდა გამოიყენო ხისტი ძალა, სხვაგვარად ასეთი პროვოკაციის აღკვეთა შეუძლებელია. მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, 100 კაცს შეუძლია მათ შორის 2500 კაციანი ღონისძიების ჩაშლა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ვიყოთ რბილი, მათ შორის ექსტრემისტული ძალების მიმართ. თუ ხისტ ძალას არ გამოიყენებ, ასეთ შემთხვევაში 100 კაცს შეუძლია ნებისმიერი ღონისძიების მარტივად ჩაშლა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წინასწარ ვიცოდით, გადავწყვიტეთ არ გამოგვეყენებინა ხისტი ზომა ამ პროვოკაციასთან მიმართებაში”, - განაცხადა კობახიძემ.