შს სამინისტროში 40 000 ადამიანი მუშაობს, ფარცხალაძესთან ვინმე შეიძლება პირადი ურთიერთობის გამო იმყოფებოდა - ეს არ არის დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებებთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განუცხადა, რითაც წუხელ ფარცხალაძის სახლში შსს-ს რამდენიმე თანამშრომლის სტუმრობის შესახებ დასმულ კითხვას გამოეხმაურა.
ხუციშვილმა უპასუხოდ დატოვა კითხვა, თუ რატომ არ არის დაკითხული ამ დრომდე ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მოხდება თუ არა დაწყებული საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლა.
„მეტ კომენტარს ამ საკითხზე ვერ გავაკეთებ. ჩემი მხრიდან იქნება არაკომპეტენტურობა, რომ გავაკეთო იმაზე მეტი კომენტარი, რაც უშუალოდ გამომძიებლებმა გააკეთეს’“, - განუცხადა ჟურნალისტებს ხუციშვილმა.
შს მინისტრის მოადგილემ მხოლოდ ის დააზუსტა, რომ კაფე „ელ ცენტროში“ მომხდარ ინციდენტზე გამოძიებას შს სამინისტრო აწარმოებს, ხოლო მასზე ზედამხედველობას ახორციელებს პროკურატურა.