ირაკლი კოვზანაძე საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

ირაკლი კოვზანაძე საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ფრანსუა პეჰშოსთან შეხვედრისას სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთან განახლებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე საუბარი სამწლიან ეკონომიკურ პროგრამას შეეხო, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის მარტში, სავალუტო ფონდმა საქართველოს ეროვნულ ბანკს 285.3 მილიონი დოლარი გამოუყო. საუბარის თემა სწორედ პროგრამის მიზანი იყო, რომელიც სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერას, შედეგად კი, ქვეყანაში მაკროეკონომიკურ სტაბილურობის უზრუნველყოფას და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას გულისხმობს.

აზრთა გაზიარება მოხდა საქართველოს საბანკო და არასაბანკო საფინანსო სექტორის ზედამხედველობა-რეგულირების გაძლიერების და სრულყოფის გზებსა და მეთოდებზე, საბანკო დაწესებულებების არაპროფილური აქტივების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სხვა საკრედიტო ინსტიტუტების საქმიანობის სრულყოფის, მათი კლიენტების უფლებების დაცვის და საფინანსო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს ფორმირების მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

საუბარი ასევე შეეხო ინფლაციის დონეს და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე მაჩვენებლებს, პერსპექტივებს და პროგნოზებს აღნიშნული მიმართულებით.

ირაკლი კოვზანაძემ და ფრანსუა პეჰშომ ისაუბრეს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმასა და ხელისუფლების საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიზნებსა და ამოცანებზე, ეკონომიკური რეფორმების გზაზე სსფ-თან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მას შეხვედრები უკვე ჰქონდა საქართველოში ვიზიტად მყოფ სავალუტო ფონდის ტექნიკური მისიის წარმომადგენლებთან: ელენე გასტონთნ, გორან ლინდსთნ და როს ჰენდერსონთან.