„ნაციონალური მოძრაობა” პროკურატურას მიმართავს, ლაშა თორდიას ცემის ადგილიდან ამოღებული ჩანაწერი გასაჯაროვდეს და გამოძიება „ადეკვატური მუხლით“ წარიმართოს

„ნაციონალური მოძრაობა” პროკურატურას მიმართავს, ლაშა თორდიას ცემის ადგილიდან ამოღებული ჩანაწერი გასაჯაროვდეს და გამოძიება „ადეკვატური მუხლით“ წარიმართოს

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პროკურატურას მიმართავს, ლაშა თორდიას ცემის ადგილიდან ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერი გასაჯაროვდეს და გამოძიება ადეკვატური მუხლით წარიმართოს. 

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავარი პროკურატურა და სხვა ძალოვანი უწყებები დანაშაულის დაფარვის ფართომასშტაბიან ოპერაციას ახორციელებენ.

„ახლა, სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, საქართველოს მთავარი პროკურატურა და სხვა ძალოვანი უწყებები დანაშაულის დაფარვის ფართომასშტაბიან ოპერაციას ახორციელებენ. საუბარია დანაშაულზე, რომელიც ოთარ ფარცხალაძემ და მისმა ამალამ 3 დღის წინ ჩაიდინა, როდესაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი, ლაშა თორდია სცემეს. მინდა მივმართო ძალოვანი უწყებების რიგით თანამშრომლებს- ფარცხალაძის დანაშაული თქვენი დანაშაული არაა, დანაშაულის დაფარვა კი, უკვე თქვენი დანაშაულია. ივანიშვილების კლანი მალე მოშორდება ამ ქვეყანას. ნუ იზამთ ისე, რომ თვალებში ვერ ჩახედოთ შვილებს და მოგიწიოთ თვალებში ჩახედოთ მართმსაჯულებას. მინდა მივმართო პროკურატურის ფორმალურ ხელმძღვანელობას. 
მოვითხოვთ:

1.    გასაჯაროვდეს შემთხვევის ადგილზე სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ყველა ფირი.

2.    მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცირება და გამოძიება წარიმართოს ადეკვატური სიმძიმის მუხლით.

3.    პროკურატურამ მოითხოვოს წინასწარი პატიმრობა, რადგან ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა გამართლებულია. ფარცხალაძე არის ერთგვარი კანონიერი ქურდი, რომელიც არაფორმალურად მართავს პროკურატურის სისტემას. მას შეუძლია დააშინოს მოწმეები, გააყალბოს მტკიცებულებები და
არათუ გავლენა მოახდინოს გამოძიებაზე, არამედ პრაქტიკულად წარმართოს გამოძიება. 
დღეს ქართული საზოგადოება იმყოფება ომში არა პოლიტიკურ ძალასთან, არამედ მაფიოზურ სინდიკატთან, რომლის ერთერთი სახე არის ოთარ ფრაცხალაძე,’’ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
თავის მხრივ, დღესვე „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთმა წევრმა ირაკლი ნადირაძემ დოკუმენტები წარადგინა, რომელიც მისი თქმით, ფარცხალაძის დანაშაულებრივი საქმიანობის დამადასტურებელია.
„წარმოგიდგენთ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება შემდეგი - კომპანიას, რომელიც 2010 წლიდან ითხოვდა მიწის ადგილმონაცვლეობას, მიწა დაჩქარებული წესით, კანონდარღვევით მოუნაცვლეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ კომპანიის მფლობელი ფარცხალაძე გახდა. ამავე დოკუმენტში ჩანს, რომ ოთარ ფარცხალაძე მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ ითხოვს 4, 20 სართულიანი კორპუსის მშენებლობას, სადაც დაგეგმილი იყო რეკრეაციული ზონის შექმნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, ფარცხალაძე ერთ დღეში გახდა მილიონერი და ახლა ის მერიისგან ითხოვს ამ მილიონს კიდევ მილიონები შეემატოს და ყველას, ვინც მას ამ გზაზე გადაეღობება ძალადობრივი მეთოდებით გაუსწორდეს. ჩვენ მოვითხოვთ თბილისის მერისგან ნუ ჩაიდენს მორიგ დანაშაულს და შეაჩეროს ამ საკითხის განხილვა, ნუ დაარღვევს მოსახლეობის ინტერესებს”, - აღნიშნა ნადირაძემ.