აქ გამოვიდა ერთი ადამიანი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენ ჩრდილოელ მეზობელთან

აქ გამოვიდა ერთი ადამიანი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენ ჩრდილოელ მეზობელთან

კომუნისტებისა და რუსეთუმეების ადგილი საქართველოში აღარ არის, ჩვენ ვივლით ილია ჭავჭავაძის გზით,  - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ფილარმონიაში განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვა დღეს არ შედგა.

„აქ იყო შეკრებილი 2500 ადამიანი, რომელსაც სურდა, ინფორმაციის მიღება კონსტიტუციასთან დაკავშირებით, თუმცა რამდენიმე ათეულმა კომუნისტმა ამის საშუალება არ მისცა. გამოვიდა ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც ისაუბრა აქ ერთ საკითხთან დაკავშირებით და ეს ადამიანი პირდაპირ შემიძლია გითხრათ, არის მჭიდროდ დაკავშირებული ჩვენ ჩრდილოეთ მეზობელთან. ეს არის რეალობა. კომუნისტებისა და რუსეთუმეების ადგილი საქართველოში დამთავრდა. ჩვენ ვივლით ილია ჭავჭავაძის გზით. საქართველო ივლის ილია ჭავჭავაძის გზით, ეს არის ჩვენი მომავალი. ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც ჩადებულია ქვეყნის ძირითად კანონში. ჩვენ ამ გზიდან, ილია ჭავჭავაძის გზიდან არ გადავუხვევთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფილარმონიაში დღეს კონსტიტუციის საერთ-სახალხო განხილვა არ შედგა.

განხილვა დღეს 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა დარბაზში შეკრებილი ახალგაზრდების ჯგუფის შეძახილების გამო, სხდომის დაწყება ვერ მოხერხდა.

თავდაპირველად, „აუდიტორია 115“-ის წევრები სკანდირებდნენ „კონსტიტუცია ხალხს“. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდებს სიტყვის გამოსვლის საშუალება მისცა.

„აუდიტორია 115“-ის გარდა, დარბაზში იმყოფებოდნენ სანდრო ბრეგაძე, ლადო სადღობელაშვილი, რომლებიც აცხადებდნენ, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ქართული მიწა არ იყიდება და ქართული მიწა ქართველ ხალხს ეკუთვნის.