გიორგი ვოლსკიმ ინდონეზიის საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა

გიორგი ვოლსკიმ ინდონეზიის საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი ინდონეზიის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის დელეგაცია, რომელსაც ვიცე-სპიკერი ფადლი ზონი ხელმძღვანელობს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური სამომავლო თანამშრომლობის ასპექტები განიხილეს.

„ინდონეზია მუსლიმურ სამყაროში ყველაზე დიდი ქვეყანაა და მას სხვა კონფესიებთან მიმართებაში შესანიშნავი ტრადიციები აქვს, რომელსაც ავითარებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მნიშვნელოვანია მისი პოლიტიკური გავლენა სამხრეთ-აღმოსავლეთის თანამშრომლობის ქვეყნების გაერთიანებაშიც. საქართველო აზიის ქვეყნებთან მნიშვნელოვანად ავითარებს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატს და მას შემდეგ, რაც საქართველომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და მოლაპარაკებებს აწარმოებს ინდოეთის მხარესთან, ეკონომიკურ საკითხებში საგანგებოდ საინტერესოა ინდონეზიის და საქართველოს სამომავლო ურთიერთობა. შეხვედრაზე პოლიტიკური საკითხებიც მიმოვიხილეთ და გამოვკვეთეთ ის მიმართულებები თუ სად შეიძლება ორმა ქვეყანამ ერთმანეთს პოლიტიკურ საკითხებში დახმარება გაუწიოს და საერთაშორისო ფორმატის შეხვედრებზე გამონახოს შეხების წერტილები", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის შექმნის მნიშვნელობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ ჯგუფის წინაშე საკმაოდ მნიშვნელოვანი ამოცანები იქნება დასახული, რომლებიც ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.