აჭარა არის ჩვენი განმანათლებელი, ჩვენი პირველი ქრისტიანები აჭარაში ეწამნენ

აჭარა არის ჩვენი განმანათლებელი, ჩვენი პირველი ქრისტიანები აჭარაში ეწამნენ

აჭარა არის ჩვენი განმანათლებელი, ჩვენი პირველი ქრისტიანები აჭარაში ეწამნენ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტერესმა ილია მეორემ დღეს სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარაში ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე მიულოცა და მის ღვაწლზე ისაუბრა. უწმიდესის თქმით, წმინდა ანდრიას პირველწოდებული იმიტომ ეწოდება, რომ მოციქულთა შორის მას მაცხოვარმა პირველს მოუწოდა.

”ეს არის ის დღე, ის დრო, ის ჟამი, როდესაც ანდრია პირველწოდებული შემოვიდა საქართველოში, კერძოდ აჭარაში, ასე რომ აჭარა არის ჩვენი განმანათლებელი. ჩვენი პირველი ქრისტიანები აჭარაში ეწამნენ. დღეს მათი ხსენების დღეც არის”, - განაცხადა პატრიარქმა.

უწმინდესმა ასევე გაიხსენა ისტორია, ანტიოქიის პატრიარქის წმინდა გიორგი მთაწმინდელთან საუბარის შესახებ, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას ეხებოდა. პატრიარქის თქმით, ანტიოქიის პატრიარქმა მოუწოდა გიორგი მთაწმინდელს და უთხრა, საქართველოს ეკლესია ანტიოქიის ეკლესიას უნდა დამორიჩილებოდა. გიორგი მთაწმინდელმა კი პატრიარქს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ცხოვრებიდან ის ადგილი წაუკითხა, სადაც წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში პირველად ქადაგებაზე იყო საუბარი.

”ამის შემდეგ ყველამ მიიღო, რომ საქართველოს ეკლესია უნდა ყოფილიყო ავტოკეფალური, დამოუკიდებელი ეკლესია. დღეს ჩვენ შევთხოვთ წმინდა ანდრია პირველწოდებულს, რომ აღავლინოს ლოცვა წინაშე ღვთისა, რათა მშვიდობა სუფევდეს მის მამულში, საქართველოში”, - განაცხადა პატრიარქმა.

პატრიარქმა ქადაგებისას ასევე გაიხსენა წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლა, რომელსაც თან ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

”თქვენ იცით, რომ შემოსვლის წინ(წმ. ანდრია მოციქულ) ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ, როგორც პატრონმა საქართველოსი, საქართველო მისი წილხვედრია, მიიდო სახეზე ფიცარი და გამოსახა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახე. იმდენად იმოქმედა ამან მორწმუნე ხალხზე აჭარაში, რომ აჭარიდან აღარ უშვებდნენ მოციქულს და როცა ანდრია პირველწოდებულმა უთხრა, რომ მე ვარ გამოგზავნილი მოსაქცევლად საქართველოსი, ღვთისმშობლის მიერ, მაშინ სთხოვეს ღვთისმშობლის ხატი მაინც დაეტოვებინა. ანდრია პირველწოდებულმა მოატანინა მეორე ფიცარი, მიადო ხატს და იქაც გამოისახა იგივე ღვთისმშობლის ხატი. ის დაუტოვა აჭარას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ანადრია პირველწოდებული შეგეწიოთ თქვენ და მთელ საქართველოს, ინებოს უფალმა მშვიდობა, სიხარული, სიყვარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში”, - ბრძანა უწმინდესმა.