საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ევროპის ნაწილია და შეუძლებელია, გამოკითხვას უფრო ნაკლები შედეგი დაედო

საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ევროპის ნაწილია და შეუძლებელია, გამოკითხვას უფრო ნაკლები შედეგი დაედო

საქართველო კავკასიის რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ევროპის ნაწილია და შეუძლებელია, ნებისმიერ გამოკითხვას უფრო ნაკლები შედეგი დაედო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, თუ საქართველო არა მარტო გაიაზრებს, არამედ გამოიყენებს კიდეც ევროკავშირის კუთხით არსებულ მიღწევებს ქვეყნის კეთილდღეობისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

„ის, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა ევროპის ნაწილი კავკასიის რეგიონში ეს იმდენად ბუნებრივ უპირატესობას წარმოშობს ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, რომ შეუძლებელია ნებისმიერი გამოკითხვის შედეგად უფრო ნაკლები შედეგი მივიღოთ. არც თურქეთს, არც ირანს და არც რუსეთს არ აქვს არანაირი სურვილი, არც მისწრაფება და არც საშუალება, რომ გახდეს ევროპის ნაწილი. ამიტომ ქართველებმა სწორად გაიაზრეს ეს მიღწევა. თუ ჩვენ არა მარტო გავიაზრებთ, არამედ გამოვიყენებთ ამ მიღწევას ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, გარწმუნებთ, რომ მომხრეთ რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

NDI-ის გამოკითხულთა 80%-სთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. კითხვაზე - მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 80%-სთვის მისაღებია, ხოლო გამოკითხულთა 12%-ისთვის მიუღებელი. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში გამოკითხულთა 83%-სთვის მისაღებია საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 11%-ისთვის კი - არა.

საქართველოს დიდი ქალაქების მიხედვით მონაცემები ასეთია - გამოკითხულთა 84% აცხადებს, რომ მათთვის მისაღებია საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 10% კი აცხადებს, რომ - არა. საქართველოს პატარა ქალაქების მიხედვით მონაცემები ასე გადანაწილდა - გამოკითხულთა 83% აცხადებს, რომ მისაღებია, 9% ამბობს - არას.

რაც შეეხება საქართველოს სოფლებს, აქ ასეთი მონაცემებია - გამოკითხულთა 82% - მიესალმება, 13% კი აცხადებს, რომ - არა.