პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმირების წესში ცვლილება, შესაძლოა კიდევ ერთხელ განხორციელდეს და ”ნდობის ჯგუფის შესახებ” კანონი ამ ნაწილში კვლავ გადაიხედოს.
ამჯერად საქმე ნდობის ჯგუფში პარლამენტის იმ წევრის წარდგენას ეხება, რომელიც უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ მყოფი ჯგუფების კვოტაა. როგორც ცნობილია, ამ ერთ კვოტაზე ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტებმა” - ირმა ინაშვილი, ხოლო ფრაქცია ”ნაციონალურმა მოძრაობამ” სალომე სამადაშვილი წარადგინეს. ორივე კანდიდატის წარმდგენათა ხმები თანაბარია. თავის მხრივ, კანონი ასეთ შემთხვევაში, რაიმე სახის გამონაკლისის დაშვებას არ ითვალისწინებს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, ის მხარეებს კონსულტაციებს სთავაზობს, რათა პოლიტიკური შეთანახმების ან კანონში ცვლილებების ფარგლებში, ნდობის ჯგუფში მათი კვოტით წევრის შეყვანა გახდეს შესაძლებელი.
ირაკლი სესიაშვილი ნდობის ჯგუფში როტაციის პრინციპის შემოღებაზე ან მის შესაძლო გაფართოებაზე საუბრობს.
”მე როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს შევთავაზე, რომ თავად წარმოედგინათ კანონპროექტი, თუ როგორ შეიძლებოდა ასეთ შემთხვევაში საკითხის რეგულირება მომხდარიყო. მე მათ ეს იმის გამო შევთავაზე, რომ შემდგომში არ მომხდარიყო პოლიტიკური სპეკულაცია, რომ თითქოს ”ქართული ოცნება” ვიღაცას მხარს არ უჭერს და ხმების თანაბრობის შემთხვევაში, რეგულაცია სისტემურად გამართული ყოფილიყო, თუმცა არც ერთ მათგანს კანონპროექტი არ წამოუდგენია. ამიტომ იმ მიზნით, რომ საპარლამენტო კონტროლი იყოს რეალური და არ დარჩეს პარლამენტში ჯგუფი, რომელსაც შეიძლება ეჭვი გაუჩნდეს, რომ მისი ნდობის ჯგუფში არყოფნა შეიძლება ვინმეს მიზანი იყოს, ამიტომ კვლავაც მინდა კონსულტაციები გავმართო ამ ორ ჯგუფთან და შევთავაზო, რომ მეტ-ნაკლებად, თუ ეს შესაძლებელია, რაღაც მოდელზე შევთანხმდეთ, რომლისთვისაც კანონპროექტი მომზადდება - ეს შეიძლება იყოს როტაციის პრინციპი, ეს შეიძლება იყოს ნდობის ჯგუფის გაფართოების პრინციპი”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ირაკლი სესიაშვილმა.
თავის მხრივ, უმრავლესობა ნდობის ჯგუფში წარსადგენ კანდიდატებზე შეთანხმებულია - საკუთრივ უმრავლესობის კვოტით ნდობის ჯგუფში - ეკა ბესელია, ხოლო მაჟორიტარი დეპუტატების კვოტით - არჩილ თალაკვაძე შევლენ. უმცირესობას ნდობის ჯგუფში ირაკლი აბესაძის კანდიდატურა ჰყავს წარდგენილი.
წინა მოწვევის პარლამენტში ნდობის ჯგუფის ფორმირება პარლამენტის შეკრებიდან ერთი წლის შემდეგ მოხერხდა. ამას წინ უძღვოდა უმცირესობის მიერ წარდგენილი გივი თარგამაძის კანდიდატურის გარშემო უთანხმოება და შემდგომში კანონში ცვლილებების შეტანა, რითაც ნდობის ჯგუფის ფორმირების წესი შეიცვალა.
კანონში ცვლილებების შეტანამდე ნდობის ჯგუფში წარდგენილ პირებს პარლამენტი პერსონალურად უყრიდა კენჭს და ხმათა უმრავლესობით პერსონალურად ამტკიცებდა. ახლა პარლამენტი ნდობის ჯგუფის შემადგებლობას ცნობად იღებს, რაც საოქმო ჩანაწერით ფორმდება.