საკონსტიტუციო კომისია როდესაც აბსოლუტური გახსნილობით მუშაობს, პრეზიდენტი არ უნდა უპირისპირდებოდეს

საკონსტიტუციო კომისია როდესაც აბსოლუტური გახსნილობით მუშაობს, პრეზიდენტი არ უნდა უპირისპირდებოდეს

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია როდესაც აბსოლუტური გახსნილობით და ღიაობით მუშაობს, მას ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა უპირისპირდებოდეს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, კონსტიტუციის რეფორმა ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესის თანხვედრა.

"ძალიან ბევრ უცნაურ მანევრს შეიძლება შევხვდეთ, მაგრამ მე ამ პროცესს მაინც ვუყურებ ძალიან ჯანსაღად, იმიტომ, რომ ამ ყველაზე მნიშვნელოვან რეფორმას ყოველთვის დიდი პოლიტიკური ვნებათაღელვა ახლავს. სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია უჩუმრად და ყოველგვარი ემოციის გარეშე ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდეს.

მე რაც მგონია, რომ არ არის მართებული, სასიამოვნო და კარგი, არის ის, რომ როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მუშაობს აბსოლუტური გახსნილობით და ღიაობით, მას ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა უპირისპირდებოდეს და საწინააღმდეგო კამპანიას არ ატარებდეს. ეს არ არის ქვეყნისთვის სარგებლის და სიკეთის მომტანი და ეს პროცესს არ ეხმარება.

პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, შეუძლია შეხვდეს მოქალაქეებს, ჯგუფებს, ესაუბროს, გნებავთ კონსტიტუციაზე, ნებისმიერ საკითხზე, ამ მხრივ, არც მას და არც სხვას არავითარი შეზღუდვა არ აქვს, მაგრამ თუ ისმის კითხვა, რამდენად ეხმარება ეს პროცესი ამ რეფორმას და საერთო კონსესუსს, რა თქმა უნდა, არ ეხმარება", - განაცხადა ბესელიამ.