პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, კონსტიტუციის პროექტში, რომელიც ამჟამად არის შემუშავებული, ცვლილებები შევა, თუმცა იგი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს რა ცვლილებები შეიძლება განიცადოს კონსტიტუციის პროექტმა.
როგორც ჩუგოშვილმა განმარტა, საკონსტიტუციო კომისიას წინ აქვს საყოველთაო-სახალხო განხილვები, და ასევე საკომიტეტო მოსმენები, რაც იმის წინაპირობაა, რომ კონსტიტუციის ამჟამინდელ პროექტში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს.
როგორც ჩუგოშვილმა განმარტა, მმართველი გუნდი აპირებს მოისმინოს მოსახლეობის მოსაზრებები უკვე შემუშავებულ კონსტიტუციურ პროექტთან დაკავშირებით და ასევე ელოდება ვენეციის კომისის დასკვნას.
”საერთო-სახალხო განხილვების პროცესი, ისევე როგორც შემდგომ უკვე საკომიტეტო და სასესიო განხილვები, გულისხმობს იმას, რომ გარკვეული ცვლილებები მოხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პროცედურას აზრი არ ექნებოდა და ფორმალობა იქნებოდა. ვაპირებთ მოვისმინოთ მოსახლეობის მოსაზრებები ისევე როგორც აქტიური განხილვები გვქონდეს საპარლამენტო მუშაობის პროცესში. ასე, რომ კონსტიტუციის პროექტში გარკვეული ცვლილებები მოხდება, თუმცა რას შეეხება ზუსტად ეს ცვლილებები, ახლა ვერ გეტყვით. ბევრჯერ გვაქვს ნათქვამი, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით ძალიან ბევრი სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესი იკვეთება სხვადასხვა პირების მხრიდან და შესაბამისად, სრულიად განსხვავებული მოსაზრებები გვესმის. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარე ობიექტური დამკვირვებლების მოსაზრებები, რომ სისტემურად სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. ჩვენ გვექნება ვენეციის კომისიის დასკვნაც და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, გარკვეული ცვლილებები საბოლო პროექტში აისახება”, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
კითხვაზე, თუ ვისი პოლიტიკური ინტერესები იკვეთება და იგულისხმება თუ არა პოლიტიკიურ ინტერესებში პრეზიდენტი, ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ინტერსების გამოკვეთაში გულისხმობდა პოლიტიკური სუბიექტების ინტერესებს.