მე მგონი, ზედმეტად ბევრი ვისაუბრეთ პრეზიდენტთან მიმართებით, ამიტომ აღარ მინდა კომენტარების გაკეთება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, სამწუხარო იყო რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესთან მიმართებაში თავიდანვე უნდობლობა გამოცხადდა.
”სამწუხაროა, რომ უარი იყო ნათქვამი სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე, მიუხედავად ჩვენი რამდენიმე თხოვნისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიეღო. შემდეგ კი უკვე გარკვეული კამპანიური ხასიათი მიიღო ამ პროცესთან დაპირისპირებამ. ეს არის მოცემულობა, მან ასე გადაწყვიტა, ასე ჩათვალა საჭიროდ. ასე, რომ მგონი ზედმეტი კომეტარები უადგილოა”, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის მისამართით რამდენიმე განცხადება გააკეთა.
„ჩვენ რამდენიმე დღეში ვნახავთ იმ დესტრუქციულ ელემენტებს, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი და პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ არაერთხელ გავუწოდეთ ხელი საქართველოს პრეზიდენტს, მათ შორის, არაერთხელ შევთავაზეთ მათი წარმომადგენლების ჩართვა სახელმწიფო-საკონსტიტუციო კომისიაში. არაერთხელ შევთავაზეთ, რომ კონსტრუქციული როლი შეესრულებინა ამ პროცესში და ის ყოველთვის უარს ამბობდა. უფრო მეტიც, იყო გარკვეული ღონისძიებები ორგანიზებული არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და იქ მონაწილეობაზეც უარს ამბობდა პრეზიდენტი. ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, გრძელდება. ჩვენ დღესაც ვართ მოწადინებული, გვქონდეს კონსტრუქციული თანამშრომლობა სახელმწიფოს მეთაურთან, თუმცა დღემდე ვიღებთ ცივ უარს. პირიქით, არის საწინააღმდეგო ტენდენცია. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ჰქონდა შეხვედრა პარტიებთან, ექსპერტებთან და ისინი შეთანხმდნენ ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე. ეს სამოქმედო გეგმა შეიცავს დესტრუქციულ ელემენტებსაც. ჩვენ ყველა რამდენიმე დღეში ვნახავთ, როგორი შეიძლება იყოს ეს დესტრუქციული ელემენტები, რაზეც, სამწუხაროდ, შეთანხმდნენ საქართველოს პრეზიდენტი და კონკრეტული პოლიტიკური პარტიები“, - განაცხადა კობახიძემ და იმედი გამოთქვა, რომ ეს გეგმა ძალაში არ დარჩება.