„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვის კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს, „ევროპული საქართველო“ კი ამ პროცესში ჩაერთვება.
აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ პარლამენტის ბიუროს სხდომის დაწყებამდე გახდა ცნობილი.
როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ მოაწყობს განხილვას ხალხთან ერთად, ალტერნატიული წინადადებით.
„ჩვენ არ მივიღებთ საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობას, იმ კომისიის ფარგლებში, რომელსაც აყალიბებს ახლა პარლამენტი და სადაც თითოეული ფრაქციიდან უნდა იყოს თითო წარმომადგენელი. ჩვენ განხილვას მოვაწყობთ ხალხთან ერთად, ჩვენი ალტერნატიული წინადადებით. მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება უკან გადადგმული ნაბიჯიბი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე“, - განაცხადა გოცირიძემ.
“ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვის კომისიაში მონაწილეობაზე უარის თქმას არ აპირებს. როგორც “ინტერპრესნიუსს” საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა განუცხადა, ისინი გამოიყენებენ ყველა ფორმატს, რათა კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გააცნონ საზოგადოებას, მათ შორის მონაწილეობას მიიღებენ საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვის კომისიის მუშაობაში.
ამასთან, გიგი წერეთელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ევროპული საქართველო” ძალაში ტოვებს მოთხოვნას კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების თაობაზე.
108 დეპუტატის ხელმოწერით პარლამენტის ბიუროს საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი გუშინ წარედგინა. ცვლილებები ასევე ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონში. ბიუროს გადაწყვეტილებით, დეპუტატთა ხელმოწერები, მათი ნამდვილობის გადამოწმების მიზნით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადაეცა. მას შემდეგ, რაც კომიტეტი ხელმოწერების ნამდვილობას დაადასტურებს, პარლამენტის დადგენილებით საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისია შეიქმნება.
კომისია ერთი თვის განმავლობაში განხილვებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამართავს, რის შემდეგაც კონსტიტუციის განხილვის პროცესი პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარული სხდომის ფორმატში გაგრძელდება. არსებული ინფორმაციით, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის საორგანიზაციო კომისიას მიმდინარე კვირას შექმნის.