პრინციპი “მოგებულს მიაქვს ყველაფერი“ აღიარებული ლეგიტიმური პრინციპია საარჩევნო სამართალში

პრინციპი “მოგებულს მიაქვს ყველაფერი“ აღიარებული ლეგიტიმური პრინციპია საარჩევნო სამართალში

საარჩევნო სამართალში პროპორციულობა სამართლიანობას არ ნიშნავს და პროპორციულობასა და სამართლიანობას შორის ტოლობის ნიშანი არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებით შეთავაზებული საარჩევნო სისტემის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, პრინციპი “მოგებულს მიაქვს ყველაფერი“ აღიარებული ლეგიტიმური პრინციპია საარჩევნო სამართალში და ეს პრინციპი სხვადასხვა სისტემში სხვადასხვანაირად არის გამოხატული.

“მთავარი ამოცანა ნებისმიერი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებისას არის საუკეთესო ბალანსის გამონახვა ორ ძირითად პრინციპს შორის - ეს არის სტაბილურობა და პლურალიზმი. აქ საუბარი არ არის ერთისთვის უპირატესობის მინიჭებაზე. მთავარია, რომ ამ ორ ინტერესს შორის საუკეთესო ბალანსი იყოს გამონახული. მიგვაჩნია, რომ ამ ორი ინეტერესის ბალანსს სწორედ ჩვენს მიერ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა უზრუნველყოფს. რაც შეეხება კავშირს პროპორციულობასა და სამართლიანობას შორის, ტოლობის ნიშანი პროპორციულობასა და სამართლიანობას შორის არ არსებობს - ეს არის აღირებული საარჩევნო სამართალში. ეს რომ ასე არ იყოს, ნებისმიერი საარჩევნო ბარიერი არალეგიტიმური იქნებოდა. რატომ ხდება რომ ლიტვაში ან გერმანიაში დაწესებულია 5%-იანი ბარიერი, ზოგან 4%-იანი ბარიერი? შეიძლება რომელიმე სუბიექტმა არჩევნებში 4% მიიღოს და მისცე 6-მანდატი, მაგრამ რატომ არ აძლევ? იმიტომ არ აძლევ, რომ საარჩევნო სამართლაში აღიარებული პრინციპია, რომ პროპორციულობასა და სამართლიანობას შორის არ არის ტოლობის ნიშანი. არის გარკვეული შეზღუდვები პროპორციულობის კუთხით, რაც არის არამხოლოდ ლეგიტიმური, არამედ სწორიც საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბების დროს. 5%-იანი ბარიერის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არავინ დაობს. რაც შეეხება გადაუნაწილებელი მანდატების საკითხს, ეს რა თქმა უნდა, გარკვეული დოზით პროპორციულობის პრინციპს ზღუდავს, თუმცა ეს შეზრუდვა არის ლეგიტიმური, რადგან პროპორციულობა არ ნიშნავს სამართლიანობას. ეს არის მინიმალური დანამატი, რომელიც არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას მიენიჭება და არ ქმნის გადამწყვეტ დისპროპორციას, რამაც შეიძლება პროპორციულობის პრინციპს ჩრდილი მიაყენოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რითაც “ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რამდენად მართებული და სწორი იქნება ყველა გადაუნაწილებელი საპარლამენტო მანდატის მიკუთვნება პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის იმ შემთხვევაში, თუკი ასეთი ძალა ვერ მიიღებს იმ რაოდენობის ხმას, რომ პარლამენტში სტაბილური უმრავლესობით შევიდეს და მთავრობის ფორმირება დამოუკიდებლად შესძლოს.

სააგენტო დაინტერესდა, ხომ არ არის ეს პროცესზე ძალადობა, მითუფრო იმ ფონზე, როცა პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, დაგეგმილია 5%-იანი საარჩევნო ბარიერის შენარჩუნება, რაც არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტიისათვის ისედაც ბონუსს წარმოადგენს.

კობახიძემ აქვე აღნიშნა, რომ გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით კონსტიტუციის პროექტში ჩადებული პრინციპი ლეგიტიმურია და ის ემსახურება სტაბილურობას, პროპორციულობასთან ერთად.