სამწუხაროა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს მოსახლეობასთან კონსტიტუციურ საკითხებზე მსჯელობა დესტრუქციული ქმედება ჰგონია

სამწუხაროა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს მოსახლეობასთან კონსტიტუციურ საკითხებზე მსჯელობა დესტრუქციული ქმედება ჰგონია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებებთან დაკავშირებით, „სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან და პოლიტიკური კულტურის პრინციპებიდან გამომდინარე“ კომენტარს აღარ გააკეთებს.

„უკვე მერამდენედ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ისმის საკმაოდ მძიმე ბრალდებები საქართველოს პრეზიდენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ. ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს მოსახლეობასთან კონსტიტუციურ საკითხებზე მსჯელობა დესტრუქციული ქმედება ჰგონია. ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან და პოლიტიკური კულტურის პრინციპებიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის საკითხებზე ადმინისტრაციის მხრიდან კომენტარი აღარ იქნება“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ჰქონდა შეხვედრა პარტიებთან, ექსპერტებთან და ისინი შეთანხმდნენ ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. კობახიძის თქმით, ეს სამოქმედო გეგმა შეიცავს დესტრუქციულ ელემენტებსაც.