რამდენიმე დღეში ვნახავთ, როგორია ის დესტრუქციული ელემენტები, რაზეც პრეზიდენტი და პარტიები შეთანხმდნენ

რამდენიმე დღეში ვნახავთ, როგორია ის დესტრუქციული ელემენტები, რაზეც პრეზიდენტი და პარტიები შეთანხმდნენ

ჩვენ რამდენიმე დღეში ვნახავთ იმ დესტრუქციულ ელემენტებს, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი და პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ არაერთხელ გავუწოდეთ ხელი საქართველოს პრეზიდენტს, მათ შორის, არაერთხელ შევთავაზეთ მათი წარმომადგენლების ჩართვა სახელმწიფო-საკონსტიტუციო კომისიაში. არაერთხელ შევთავაზეთ, რომ კონსტრუქციული როლი შეესრულებინა ამ პროცესში და ის ყოველთვის უარს ამბობდა. უფრო მეტიც, იყო გარკვეული ღონისძიებები ორგანიზებული არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და იქ მონაწილეობაზეც უარს ამბობდა პრეზიდენტი. ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, გრძელდება. ჩვენ დღესაც ვართ მოწადინებული, გვქონდეს კონსტრუქციული თანამშრომლობა სახელმწიფოს მეთაურთან, თუმცა დღემდე ვიღებთ ცივ უარს. პირიქით, არის საწინააღმდეგო ტენდენცია. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ჰქონდა შეხვედრა პარტიებთან, ექსპერტებთან და ისინი შეთანხმდნენ ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე. ეს სამოქმედო გეგმა შეიცავს დესტრუქციულ ელემენტებსაც. ჩვენ ყველა რამდენიმე დღეში ვნახავთ, როგორი შეიძლება იყოს ეს დესტრუქციული ელემენტები, რაზეც, სამწუხაროდ, შეთანხმდნენ საქართველოს პრეზიდენტი და კონკრეტული პოლიტიკური პარტიები“, - განაცხადა კობახიძემ და იმედი გამოთქვა, რომ ეს გეგმა ძალაში არ დარჩება.

მან მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს, კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში დაუდგეს გვერდში საქართველოს პარლამენტს. ამასთან, კობახიძის თქმით, თუ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქცია არ შეესაბამება მის ხედვას, აქვს სრული უფლება, ვეტო დაადოს კონსტიტუციურ კანონს.