იმედი მაქვს, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს არსებული შერეული სისტემიდან პროპორციულზე გადასვლას

იმედი მაქვს, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს არსებული შერეული სისტემიდან პროპორციულზე გადასვლას

იმედი მაქვს, რომ საერთო კონსენსუსის საფუძველზე საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს არსებული შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მაჟორიტარი დეპუტატების მიერ მაჟორიტარული წესის გაუქმებაზე წინააღმდეგობის საკითხს გამოეხმაურა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, არიან უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას.

”ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს დეპუტატებთან იგივე არგუმენტებით, რა არგუმენტებიც დღეს წარმოვადგინეთ. გვაქვს ძალიან ნეგატიური გამოცდილება, რომელიც დაკავშირებულია შერეული სისტემის არსებობასთან. კერძოდ, ორჯერ მოხდა ამ სისტემის ბოროტად გამოყენება ნეგატიური პოლიტიკური მიზნებისთვის და ეს არის ჩვენი მთავარი არგუმენტი.

იურიდიული კუთხით არსებული სისტემაც არის გამართული, თუმცა პოლიტიკურმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ამ სისტემას აქვს სერიოზული ნაკლოვანება და შეიცავს სერიოზულ რისკებს.

ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ დეპუტატებთან. არის განსხვავებული მოსაზრებები. ვიცით, რომ არიან მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას.

ჩვენ გვქონდა პირველადი განხილვა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში, სადაც გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში კონსენსუსი მიიღწევა. მე დარწმუნებული ვარ, ეს რესურსი არსებობს. დიდი იმედი მაქვს, რომ საერთო კონსენსუსის საფუძველზე საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს არსებული შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ამის ყველა რესურსი არსებობს და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება გუნდის ხელმძღვანელობის მხრიდან”,- განაცხადა კობახიძემ.