პარლამენტის არჩევის სისტემა ერთპარტიული უმრავლესობის ჩამოყალიბების გარანტიას არ იძლევა

პარლამენტის არჩევის სისტემა ერთპარტიული უმრავლესობის ჩამოყალიბების გარანტიას არ იძლევა

პარლამენტის არჩევის სისტემა ერთპარტიული უმრავლესობის ჩამოყალიბების გარანტიას არ იძლევა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, დღეს არსებული შერეული საარჩევნო სისტემა ლეგიტიმურია, თუმცა საქართველოს აქვს ნეგატიური გამოცდილება, როდესაც მაჟორიტარულმა სისტემამ ორჯერ მისცა საშუალება ორ სხვადასხვა გამარჯვებულ პარტიას - ჯერ „მოქალაქეთა კავშირს“ და შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ - საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საშუალება, რის შემდეგაც თავის თავზე მოირგეს კონსტიტუცია.

„დღეს მოქმედებს შერეული საარჩევნო სისტემა, რომელიც პრინციპულ უპირატესობას ანიჭებს არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას. კერძოდ, შესაძლებელია ის, რაც მოხდა ბოლო არჩევნებში - სუბიექტმა აიღოს 49% საპარლამენტო არჩევნებში და მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენს შემთხვევაში ეს იყო 115 მანდატი. ახალი შემოთავაზებული მოდელით გვაქვს პრინციპული ცვლილება, როდესაც შერეული სისტემიდან გადავდივართ სუფთა პროპორციულ სისტემაზე თავისი ელემენტებით. პირველი ელემენტი არის ბლოკების გაუქმება, რომელსაც არა აქვს კავშირი სტაბილურობის ინტერესთან. საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტი არის ის, რაც მთელი ამ 25 წლის განმავლობაში პრინციპულ დაბრკოლებას უქმნიდა საქართველოში პარტიული სისტემის განვითარებას. ბლოკის ინსტიტუტი თუ შენარჩუნდება, მერწმუნეთ, პარტიული სისტემა ვერასდროს ჩამოყალიბდება. საარჩევნო ბარიერი ნარჩუნდება არსებულ 5%-ზე. ეს არის ევროპის ქვეყნებში ფართოდ აპრობირებული პრაქტიკა და ამასთან დაკავშირებით ვერც იურიდიული და ვერც სხვა სახის შენიშვნები ვერ იქნება. ჩვენ გვქონდა წინასწარი კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან და მათაც ეს პოზიცია დააფიქსირეს. მესამე ელემენტი არ გვხვდება ევროპის ბევრ ქვეყანაში, თუმცა ევროკავშირის 2 ქყვეყანაში ესეც აპრობირებული პრაქტიკაა - საქმე ეხება ე.წ. ბონუსს, გაუნაწილებელი მანდატების დამატებას გამარჯვებული პარტიისსთვის, რაც არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რათა პლურალიზმთან ერთად უზრუნველყოფილი იყოს სტაბილურობის სათანადო ხარისხი“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ოპონენტები ხშირად მანიპულირებენ ციფრებზე და საზოგადოებას აწვდიან არასწორ ინფორმაციას ბონუსის მოცულობასთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მაგალითად, ბოლო 5 არჩევნებში ბონუსი იქნებოდა საშუალოდ 5%, ბოლო 4 არჩევნების შედეგით კი - 3,1%. ბოლო არჩევნებში, კობახიძის თქმით, დაკარგული იყო ხმების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი და ამ შემთხვევაშიც ბონუსი იქნებოდა 8%.

„საუბარია მინიმალურ დანამატზე იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს გარკვეული ხარისხით სტაბილურობა საპარლამენტო ცხოვრებაში, უმრავლესობა იყოს ჩამოყალიბებული სტაბილური ფორმით - ერთპარტიული თუ მრავალპარტიული ფორმატით. ეს სისტემა, თავისი ბონუსით და თავისი ყველაფრით არ იძლევა ერთპარტიული უმრავლესობის ჩამოყალიბების გარანტიასაც კი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.