ხვალიდან მივდივართ ჩვენს უფროსებთან - ქართველ ხალხთან და პლებისციტის დანიშვნის მოთხოვნით ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას

ხვალიდან მივდივართ ჩვენს უფროსებთან - ქართველ ხალხთან და პლებისციტის დანიშვნის მოთხოვნით ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას

„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით ხვალიდან ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

როგორც პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ევროპული საქართველო“ კამპანია „კარდაკარის“ შემოერთებისკენ პრეზიდენტს და სხვა პარტიებსაც მოუწოდებს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში შეიქმნა ვითარება, როდესაც ერთ მხარეს დარჩა მმართველი პარტია - „ქართული ოცნება“, ხოლო მეორე მხარეს ყველა სხვა ოპოზიციური პარტია, არასამთავრობო სექტორის ნაწილი, სახალხო დამცველი, პრეზიდენტი და საზოგადოება. ამ ვითარებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ კონსესუსის და თანხმობის არარსებობის პირობებში, ჩვენ, „ევროპულმა საქართველომ“ აუცილებლად ჩავთვალეთ გამოვსულიყავით ინიციატივით, აზრი გვეკითხა საზოგადოებისთვის, მთავარი მსაჯულისთვის და კონსტიტუცია შეცვლილიყო ისე, როგორც ამას გადაწყვეტდა ქართველი ხალხი. სამწუხაროდ, ჩვენს შეთავაზებას პლებისციტის შესახებ, როგორც მოსალოდნელი იყო, არანაირი გამოხმაურება არ მოჰყვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან. სწორედ ამიტომ, ვაცხადებთ, რომ ხვალიდან „ევროპული საქართველო“ იწყებს კამპანიას „კარდაკარ“ - ჩვენ მივალთ თითოეულ ოჯახში და მოვაგროვებთ ხელმოწერებს პლებისციტის დასანიშნად. ისეთ ვითარებაში, როდესაც ქართველ ხალხს კითხვის გარეშე, პოლიტიკური კონსესუსის გარეშე ართმევენ ძირითად უფლებას, ართმევენ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის უფლებას, ისეთ პირობებში, როდესაც საპარლამენტო არჩევნების სისტემა იქნება მორგებული მმართველი პარტიის ინტერესებზე და ამ საკითხზე არ ჩანს არანაირი თანხმობა და შეთანხმების რესურსი ხელისუფლების მხრიდან, ასეთ პირობებში, მთავარი სიტყვა ეკუთვნის ქართველ ხალხს. ამიტომ ჩვენ ხვალიდან ვიწყებთ კამპანიას, ვიწყებთ „კარდაკარს“ იმ მიზნით, რომ მოვაგროვოთ ხელმოწერები და დავაფიქსიროთ ქართული საზოგადოების ხმა. ჩვენ მზად ვართ დავეთანხმოთ ქართული საზოგადოების აზრს. როგორიც იქნება მისი აზრი, დავეთახმებით, მხარს დავუჭერთ ამ მოსაზრებას.

გვინდა მოვუწოდოთ პარტიებს, პრეზიდენტს, შემოუერთდნენ ამ კამპანიას, დავიწყოთ მზადება პლებისციტისთვის, რომ ხელისუფლებამ ვეღარ შეძლოს ხალხის აზრის იგნორირება და საზოგადოებას ჰქონდეს ისეთი კონსტიტუცია, როგორიც უნდა.

ჩვენ ხვალიდან მივდივართ ჩვენს უფროსებთან - ქართველ ხალხთან“, - განაცხადა ბაქრაძემ.