ირაკლი კობახიძის განმარტებით, სოციალური სახელმწიფოს პრინციპს სოციალისტურ იდეოლოგიასთან არანაირი კავშირი არ აქვს

ირაკლი კობახიძის განმარტებით, სოციალური სახელმწიფოს პრინციპს სოციალისტურ იდეოლოგიასთან არანაირი კავშირი არ აქვს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტებით, სოციალური სახელმწიფოს პრინციპს სოციალისტურ იდეოლოგიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

როგორც კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სოციალურ სახელმწიფოს პრინციპს, რომელიც კონსტიტუციის ცვლილებების პროექტში ცალკე მუხლად ჩაიწერა, არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა.

„ჩვენ ბრალიც კი დაგვდეს იმაში, თითქოს ვაყალიბებთ სოციალისტურ საქართველოს, რაც არანაირ კავშირში არ არის სოციალური სახელმწიფოს პრინციპთან, რომელიც იდეოლოგიურად აბსოლუტურად ნეიტრალური პრინციპია. გერმანიაში განვითარდა სოციალური სახელმწიფოს პრინციპი თანამედროვე სახით და იქ ინიციატორები სწორედ რომ მემარჯვენე პოლიტიკოსები იყვნენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ არანაირი კავშირი კონკრეტულ იდეოლოგიასთან სოციალური სახელმწიფოს პრინციპს არ აქვს.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მე-5 მუხლის თანახმად, 1. საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. 2. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის უზრუნველყოფასთან ერთად, სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. 3. სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. მაღალმთიანი რეგიონების განსავითარებლად კანონი ადგენს შეღავათებს. 4. სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქის ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით. 5. სახელმწიფო ზრუნავს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის განვითარებაზე. 6. ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით სახელმწიფო ზრუნავს გარემოს დაცვაზე, ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობასა და ქვეყნის მდგრად ეკოლოგიურ განვითარებაზე. 7. სახელმწიფო ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის განსაკუთრებული პირობების შექმნაზე. 8. სახელმწიფო ხელს უწყობს ქალისა და მამაკაცის თანაბარ მონაწილეობას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.