არსებობს გადაწყვეტილება, რომ მოსამართლეზე, რომელსაც აქვს სამწლიანი გამოცდილება, არ უნდა გავრცელდეს სამწლიანი გამოსაცდელი ვადა

არსებობს გადაწყვეტილება, რომ მოსამართლეზე, რომელსაც აქვს სამწლიანი გამოცდილება, არ უნდა გავრცელდეს სამწლიანი გამოსაცდელი ვადა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის ინფორმაციით, დღკევანდელ სხდომაზე განიხილება არა მისი საკითხი, არამედ უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, მაია სულხანიშვილის საკითხი.

როგორც მურუსიძემ განმარტა, დღეს საბჭო განიხილავს, უნდა დაექვემდებაროს თუ არა ის შემოწმებას და სამწლიან გამოსაცდელ ვადას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თქმით, დღეს ამ საკითხის წამოჭრა განპირობებულია იმ კანონით, რომელიც პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო, სადაც გაკეთდა ჩანაწერი, რომ უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები სამწლიან გამოსაცდელ ვადას არ ექვემდებარებიან.

“სასამართლო სისტემაში ამ ეტაპზე რამდენიმე მოსამართლეს უწევს შემოწმება, მათ შორისაა ერთი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და საბჭომ უნდა გადაწყვიტოს – კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, უნდა გავრცელდეს თუ არა მაია სულხანიშვილზე. ჩემი თემის მიბმა ასეთ საკითხებზე პოპულარულია, მეც ვიყავი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც აქვს სამწლიანი გამოცდილება და უნდა მოხდეს თუ არა მომავალში ჩემი შემოწმება. პირადად მე აბსოლუტურად არ მაღელვებს ეს საკითხი, ვინაიდან კანონის გარდა არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მოსამართლეზე, რომელსაც აქვს სამწლიანი გამოცდილება, არ უნდა გავრცელდეს სამწლიანი გამოსაცდელი ვადა და ის ითვლება უვადოდ დანიშნულად”, - განაცხადა მურუსიძემ.

მისივე თქმით, თუ საბჭო გადაწყვეტს კონკრეტულ საკითხს, კერძოდ, მაია სულხანიშვილზე არ გავრცელდეს შემოწმება, ის უვადოდ დანიშნულად ჩაითვლება. თუმცა მურუსიძე აქვე აღნიშნავს, რომ მისი აზრით, უნდა არსებობდეს გარკვეული ნორმატიული აქტი, რომლითაც უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე სასამართლოში უვადოდ გამწესდება.

რაც შეეხება მის მიერ სააპელაციო სასამართლოში საქმეების განხილვას, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა აღნიშნა, მას ამჟამად განსახილველი საქმე არ აწერია, რასაც მურუსიძე მისი ადმინისტრაციული თანამდებობით და ამ თანამდებობის გამო დატვირთული გრაფიკით ხსნის.