იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს, სავარაუდოდ, სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესებაზე იმსჯელებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს, სავარაუდოდ, სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესებაზე იმსჯელებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სავარაუდოდ, ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ გამწესებაზე იმსჯელებს, მაშინ როცა მურუსიძეს გამოსაცდელი ვადა ჯერ არ ამოწურვია.

საბჭოს სხდომის დღის წესრიგის თანახმად, ერთ-ერთი საკითხი „სამი წლის ვადით თანამდებობაზე გამწესებული უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის საქმიანობის შეფასების“ თემას ეხება. არასამთავრობოები ეჭვობენ, რომ აღნიშნული საკითხი ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნას ეხება, ვინაიდან გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეებიდან უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მხოლოდ ის და მაია სულხანიშვილია.

არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ ამ საკითხის დღეს განხილვა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

“დღეს არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ საბჭომ იმსჯელოს ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესების საკითხზე, ვინაიდან ბატონი ლევანი თავის დროზე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით გამწესდა და ეს ვადა ჯერ გასული არაა. აქედან გამომდინარე, არ არსებობს სამართლიანი საფუძველი. აქ პრობლემაა ის, რომ საუბარია ავტომატურად უვადოდ გამწესებაზე, ანუ საბჭო არ აპირებს დამატებით იმსჯელოს და დაასაბუთოს, თუ რატომ იმსახურებს მურუსიძე უვადოდ გამწესებას. ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოშია გამწესებული, თუმცა რეალურად, ამ ხნის მანძილზე საქმეებს არ იხილავს. შესაბამისად, რთულად წარმოსადგენია, როგორ უნდა შეფასდეს მისი საქმიანობა. საბჭო ამის გაკეთებას არც აპირებს რეალურად”, - განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტმა ოლიკო შერმადინმა.

ამასთან, როგორც იურისტმა განმარტა, მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის კანონში არსებული ჩანაწერი, რომლითაც გამოსაცდელი ვადა არ ეხებათ უზენაესი სასამართლოს ყოფილ მოსამართლეებს, ლევან მურუსიძეზე არ ვრცელდება და აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება უზენაესი სასამართლოს იმ ყოფილ მოსამართლეებზე, რომლებიც სასამართლოში ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაინიშნებიან.