ჩვენ, პირველი თაობის დიპლომატები, ყოველთვის ვამბობდით, რომ თუ საქართველო გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ მას მხარს უჭერდა აშშ

ჩვენ, პირველი თაობის დიპლომატები, ყოველთვის ვამბობდით, რომ თუ საქართველო გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ მას მხარს უჭერდა აშშ

ჩვენ - პირველი თაობის დიპლომატები, ყოველთვის ვამბობდით, რომ თუ საქართველო გადარჩა, მხოლოდ იმიტომ, რომ მას მხარს უჭერდა ამერიკის შეერთებული შტატები, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მრჩევლმა თედო ჯაფარიძემ საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმზე ჟურნალისტებს განუცხადა. ფორუმი თბილისში, ათონელის ქუჩაზე აშშ-ს საელჩოს ყოფილ შენობაში მიმდინარეობს.

„ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებამ განაპირობა ის, რომ საქართველო დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მან ის ნაბიჯები ჩამოთვალა, რომელიც საქართველომ გადადგა და რომელშიც ამერიკელების წვლილი უდიდესი იყო.

„მაგალითად, იმ პერიოდში, როდესაც აშშ-მ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები და ძალიან აქტიურად მონაწილეობდა ამ პროცესებში, გაყვანილ იქნენ რუსი მესაზღვრეები, შემედეგ გავიდა 3 სამხედრო ბაზა. დაიწყო პირველი სამხედრო პროგრამა - წვრთნისა და აღჭურვის, რომელმაც ჩვენი შეიარაღებული ძალების რეფორმა მოახდინა. ასევე კასპიიდან წამოსულ ნავთობ და გზასადენებშიც დიდია ამერიკელების როლი. ეს მხოლოდ ჩამონათვალია, რა თქმა უნდა, ამის უკან იდგნენ ადანმიანები, დიპლომატები, სახელმწიფო მოღვაწეები“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართეს. ფორუმს მთავრობის წევრები, საქართველოს ყოფილი ელჩები აშშ-ში და ამერიკის ყოფილი ელჩები საქართველოში, პარლამენტარები, პოლიტიკოსები, ექსპერტები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.