მაღალი თანამდებობის პირის ოჯახის წევრების დასაქმებისას, საჯარო უწყებას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეთხოვება გამჭვირვალობა

მაღალი თანამდებობის პირის ოჯახის წევრების დასაქმებისას, საჯარო უწყებას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეთხოვება გამჭვირვალობა

მაღალი თანამდებობის პირის ოჯახის წევრების დასაქმებისას, ნებისმიერ საჯარო უწყებას, ვინც ასეთ დასაქმებას ახდენს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეთხოვება გამჭვირვალობა და გახსნილობა.

ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა “ევროპული საქართველოს” წევრის, ირმა ნადირაშვილის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, ეს ამბავი მისთვის სიახლე არ არის. ეს ამბავი იცის, თუმცა გვარები არ დაუსახელებია, რადგან “უფრთხილდება ყველა ადამიანს”.

“თავისთავად ვინმეს ოჯახის წევრობა არ შეიძლება იყოს კომპრომატი ან დასაქმებისთვის მუდმივი წინააღმდეგობა. ადამიანები პროფესიას ეუფლებიან და შემდეგ იმ პროფესიაში ვითარდებიან. ვინმეს ოჯახის წევრობამ არავის ხელი არ უნდა შეუშალოს კარიერულ წინსვლაში. თუმცა, როდესაც მაღალი თანამდებობის პირის ოჯახის წევრების დასაქმება ხდება, ბუნებრივია, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, რომ ნებისმიერ საჯარო უწყებას, ვინც ასეთ დასაქმებას ახდენს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეთხოვება გამჭვირვალობა და გახსნილობა”, - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, როდესაც ის თავდაცვის მინისტრი იყო, ყველა კონკურსს ვიდეოზე იწერდნენ.

“იმედი მაქვს, რომ ეს ხალხი კონკურსის წესით არიან აყვანილი და არა ისე, როგორც ბოლო დროს გვესმის ხოლმე. გაასაჯაროონ და საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ისინი საუკეთესო კანდიდატები იყვნენ და მე პირველი ვიქნები, ვინც მიესალმება. მე მინდა, რაც შეიძლება ბევრი პროფესიონალი თავდაცვაში, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში და ეს ხალხი თუ ასეთები არიან, მარტო იმიტომ, რომ ისინი დეპუტატების მეუღლეები არიან, არ უნდა დაიჩაგრონ, ბუნებრივია”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირმა ნადირაშვილის თქმით, თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ბრძანებით, გენერალურ ინსპექციაში დაინიშნენ უმრავლესობის დეპუტატების სოფიო კილაძის მეუღლე ავთანდილ ხარაძე და თამარ ხულორდავას მეუღლე ლევან ვახტანგაძე.

ოპოზიციონერ დეპუტატს თავდაცვის მინისტრთან კითხვები აქვს, რა ნიშნით განხორციელდა დეპუტატების მეუღლეების საჯარო სამსახურში დანიშვნა.