სამწუხაროა, ის ვითარება, რაც შექმნილია საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ პრეზიდენტის მხრიდან

სამწუხაროა, ის ვითარება, რაც შექმნილია საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ პრეზიდენტის მხრიდან

საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების ვადები დაკავშირებულია საერთო პოლიტიკურ კონსენსუსთან და არა პერსონალურ განწყობებთან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის ვადებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან საკონსტიტუციო რეფორმის პროცესთან დაკავშირებით არაკონსტრუქციული ვითარებაა შექმნილი.

”სამწუხაროდ, ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებით ამ პროცესს, რომ პარლამენტის, როგორც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლობითი, ყველაზე მაღალი ინსტიტუტის მიმართ ხორციელდება ღია და აშკარა უპატივცემული, ხშირად არასაქმიანი, არასასურველი, არასასარგებლო დამოკიდებულების დემონსტრირება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან ჩვენ მოგვისმენია სრულიად მიუღებელი დამოკიდებულება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს, როგორც ინსტიტუციის მიმართ. რაც შეეხება კონსტიტუციასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესს, ვითარება, რომელიც ჩამოყალიბდა პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან, არ არის კონსტრუქციული, არ არის სამუშაო და ბუნებრივია, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ამაზე სინანულით და გულდაწყვეტით საუბრობს, ეს ლოგიკური და გასაგებია. სამწუხაროა, ის ვითარება, რაც შექმნილია საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ პრეზიდენტის მხრიდან. ეს არ უნდა იყოს რეფორმის და ამ მნიშვნელოვანი ეტაპის საწინააღმდეგო პროცესი. არამედ, ეს უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ ხელი შეეწყოს ქვეყანაში კონსტიტუციურ რეფორმას”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.