ლევან იზორიასთან კითხვა გვაქვს - რა ნიშნით დაინიშნენ სოფიო კილაძის და თამარ ხულორდავას მეუღლეები თავდაცვის სამინისტროში?

ლევან იზორიასთან კითხვა გვაქვს - რა ნიშნით დაინიშნენ სოფიო კილაძის და თამარ ხულორდავას მეუღლეები თავდაცვის სამინისტროში?

ნეპოტიზმის ტენდენცია „ქართული ოცნების“ მთავრობაში არის ძალიან შემაშფოთებელი - დეპუტატების, სოფიო კილაძისა და თამარ ხულორდავას მეუღლეები თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დასაქმდნენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირმა ნადირაშვილის თქმით, წყაროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ბრძანებით, გენერალურ ინსპექციაში დაინიშნენ სოფიო კილაძის მეუღლე ავთანდილ ხარაძე და თამარ ხულორდავას მეუღლე ლევან ვახტანგაძე.

ოპოზიციონერ დეპუტატს თავდაცვის მინისტრთან კითხვები აქვს, რა ნიშნით განხორციელდა დეპუტატების მეუღლეების საჯარო სამსახურში დანიშვნა.

„პოლიტიკოსების შვილები, მათი ოჯახის წევრები არ უნდა ხდებოდნენ პოლიტიკური დაპირისპირების სამიზნე და მათ უნდა ჰქონდეთ ნორმალურად ცხოვრების საშუალება, მაგრამ ხანდახან, პოლიტიკოსები თავად საკუთარი საქციელით ქმნიან ვითარებას, როცა საზოგადოებაც და ოპოზიციაც იძულებული და ვალდებულია, დასვას კითხვები.

”ოცნების” მთავრობა გამორჩეულია და მათ საფირმო ნიშნად შეგვიძლია მივიჩნიოთ ნეპოტიზმი. ჩვენ ვიცით ძალიან ხმამაღალი განცხადებები „ქართული ოცნების“ ყველა პრემიერ-მინისტრის, რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა და ნეპოტიზმს თავიდან ვერ ავიცილებთ, მაგრამ, ჩვენი აზრით, სწორედ ასეთი ტიპის განცხადებებით ხდება ნეპოტიზმის წახალისება. მაღალი თანამდებობების, პარლამენტარების ოჯახის წევრებს ნიშნავენ სხვადასხვა თანამდებობებზე.

დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ორი ფაქტი თავდაცვის სამინისტროდან. უშუალოდ, წყარომ თავდაცვის სამინისტროდან გამოგვიგზავნა ბრძანება, რომელსაც ხელს აწერს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის მეუღლე ავთანდილ ხარაძე ლევან იზორიამ დანიშნა გენერალურ ინსპექციაში. ასევე, „ქართული ოცნების“ ახალი სახის, თამარ ხულორდავას მეუღლე ლევან ვახტანგაძე გენერალურ ინსპექციაში დაინიშნა.

ჩვენ გვაქვს კითხვები მინისტრთან, რა ნიშნით მოხდა ამ ადამიანების აყვანა თავდაცვის სამინისტროში, რა ნიშნით განახორციელა მინისტრმა ეს დანიშვნები. ჩვენ გვაქვს კითხვები კოლეგებთანაც, რა როლი შეასრულეს მათ მეუღლეების საჯარო სამსახურში მოწყობასთან დაკავშირბით. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი საჯარო სამსახურში მას მერე დაინიშნა, რაც მათი მეუღლეები „ქართული ოცნების“ ახალი სახეები გახდნენ. რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ეს დანიშვნები განხორციელდა თებერვლის თვეში მაშინ, როცა მასშტაბური შემცირებები იყო თავდაცვის სამინისტროში და ბევრი კვალიფიციური ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.