ნინო გვენეტაძე:   ჩვენი მოტივაცია არ არის რაიმე სანქციებისადმი მიდრეკილება

ნინო გვენეტაძე: ჩვენი მოტივაცია არ არის რაიმე სანქციებისადმი მიდრეკილება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, სასამართლო ხელისუფლება სანქციების მომხრე არ არის. აღნიშნული კომენტარი ნინო გვენეტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ნაწილის ინიციატივაზე გააკეთა.

ნინო გვენეტაძის თქმით, სასამართლო ხელისუფლების სურვილია იყოს დიალოგი საზოგადოებასთან და ჟურნალისტთა კორპუსთან იმ საკითხებზე, რაზეც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.

“ასეთი დიალოგის მიზანი არის სასამართლოსადმი ნდობის ამაღლება და სამართლებრივი მართლშეგნების მაღალი სტანდარტი, რომელიც უნდა გააჩნდეს როგორც საზოგადოებას, ასევე მედიას და მოსამართლეებს. მოსამართლეებს, ბუნებრივია, გააჩნიათ იმ იდეალების და პრინციპების შესასრულებლად, რომელსაც ჰქვია მართლმსაჯულების დამკვიდრება და საზოგადოების ნდობის დაბრუნება სასამართლო სისტემისადმი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოტივაცია არ არის რაიმე სანქციებისადმი მიდრეკილება”, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

მისივე თქმით, სასამართლო ხელისუფლება კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის მკვეთრ ზღვარს მხოლოდ საკუთარი პრაქტიკითა და ეთიკური სტანდარტების გამოყენებით დაადგენს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ამ ინიციატივას როგორც საზოგადოება, ისე ჟურნალისტთა კორპუსი სწორად აღიქვამს.

“კრიტიკულ შეფასებებზე სასამართლოს არ აქვს პრეტენზია და ბუნებრივია, ეს უნდა არსებობდეს. რაც შეეხება შეურაცხმყოფელ შეფასებას, სასამართლო მოუწოდებს მხარეებს და სამოქალაქო საზოგადოებას, რაც შეიძლება თავშეკავებული კრიტიკის ზღვარში დარჩეს, რათა არ დავწიოთ მართლშეგნების დონე და არ გავაუარესოთ ეთიკური სტანდარტები”, - განაცხადა გვენეტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის შეურაცხყოფაზე საკანონმდებლო რეგულაციის დაწესების ინიციატივით გამოდის. აღნიშნული მოსაზრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა 4 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოთქვეს და დეპუტატებს ამ საკითხზე დისკუსიის დაწყება შესთავაზეს.

 

ამასთან, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა და გააკრიტიკა მედიის წარმომადგენლების მიერ ბოლო პერიოდში გამოთქმული მოსაზრებები. საბჭოს შეფასებით, ეს განცხადებები წარმოადგენს სასამართლო სისტემის ინსტიტუტისადმი უპატივცემულობას და მოსამართლეთა ინდივიდუალური რეპუტაციის უფლების არაერთგზის უხეშ შელახვას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეებმა რეაგირებისთვის მიმართეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ჟურნალისტთა კორპუსს, სამოქალაქო სექტორს, სახალხო დამცველსა და ქართულ საზოგადოებას.