თბილისში საქართველო-მოლდოვას ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

თბილისში საქართველო-მოლდოვას ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

28 აპრილს თბილისში, საქართველო-მოლდოვას ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. საქართველოს მხრიდან კომისიის პირველ სხდომას  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ხოლო მოლდოვას რესპუბლიკის მხრიდან რეგიონული განვითარებისა და მშენებლობის მინისტრი ვასილე ბიტკა ხელმძღვანელობდნენ.

,,მოლდოვას რესპუბლიკა  ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეა. ყველას კარგად გვესმის, რომ ერთი მიმართულებით, კერძოდ, ევროკავშირის მიმართულებით ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად დასახული გეგმა და შესაბამისად პოლიტიკური მიმართულებით არ არსებობს არანაირი ორაზროვნება. შესაბამისად ჩვენ ვცდილობთ, რომ ეკონომიკური ურთიერთობა, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ძალიან სუსტია გავაძლიეროთ. სწორედ ამიტომ დღეს,  ჩვენი ქვეყნის მთავრობებს შორის ორმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა. დღეს იყო დღე, როდესაც კომისია შეიქმნა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ უწყებათაშორის დონეზე თუ დავიწყებთ ინტენსიურ მუშაობას, აღმოვაჩენთ იმ შესაძლებლობებს, სადაც შეგვიძლია სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესება,-“განაცხადა გიორგი გახარიამ.

სხდომის ფარგლებში, მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. მათ შორის, ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური მდგომარეობა, საექსპორტო შესაძლებლობები და შემდგომი განვითარებისა და გაზრდის გზებზე იმსჯელეს. ასევე, სამრეწველო, მათ შორის აგროსამრეწველო, კვების მრეწველობის მიმართულებით არსებული მდგომარეობა.

,, სოფლის მეურნეობისა და მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის მხრივ ჩვენს ქვეყნებს შორის არის საინტერესო პერსპექტივა, სადაც ჩვენ შეგვიძლია სწრაფად მივაღწიოთ ჩვენი მაჩვენებლების გაუმჯობესებას,-‘’განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომისიის პირველ სხდომაში ორივე ქვეყნის სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელი პირები და ექსპერტები მონაწილეობდნენ.

სხდომაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების  საკითხები ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ტრანსპორტი, ტურიზმი, ენერგეტიკის სექტორი, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, გარემოს დაცვა, კულტურისა და განათლების საკითხები და სხვა.

,,თითოეული ჩვენგანი თანხმდება, რომ მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობა, როგორც მოლდოვური, ისე ქართული მხარისთვის ორი ქვეყნის ურთიერთობებში დამატებითი სტიმულის მიმცემი გახდება. მოლდოვას რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენს ქვეყნებს შორის მსგავსი სახის დოკუმენტი პირველად გაფორმდა. გულწრფელად მიხარია,-‘’განაცხადა ვასილე ბიტკამ.

კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ და ვასილე ბიტკამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის დაფუძნების შესახებ“. ასევე, დოკუმენტს - „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.