რაოდენ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს ფაქტია, რომ ნარკომანაია მართლაც ჩვენი ეპოქის ტრაგედიაა. ყველაფერთან ერთად, სამწუხარო ისიცაა, რომ ჩვენი საზოგადოების რაღაც ნაწილი აკრაძალული ნაყოფის სიგემრიელის პრინციპით უდგება ამ საკითხს.
ცნობილია, ნარკომანიას სხვა ზიანთან ერთად რა საშინელი შედეგი მოაქვს ნარკომანებს შორის საერთო შპრიცით სარგებლობას. ამგვარი გზით გადამდებ დაავადებებს შორის შიდსის შემდეგ ყველაზე გავრცელებული დაავადებაა C ჰეპატიტი, ანუ ღვიძლის დაშლა.
დაავადებული ნარკომანების უმეტესობა ადრე თუ გვიან ნანობს თავის საქციელს და წყევლის იმ დღეს, როდესაც პირველად გადაწყვიტა კაიფი. ზოგი მათგანი იმდენად ვარდება სასოწარკვეთილებაში, რომ უკიდურეს ხერხს მიმართავს–თვითმკვლელობით ცდილობს გაუსაძლისი ტკივილებისაგან თავის დაღწევას. რასაკვირველია გაუსაძლისია დარჩენილი ცხოვრების სიკვდილის მოლოდინში გატარება.
როგორც წესი, მძიმე დაავადებით დასნეულებული ადამიანები გასაგები მიზეზების გამო გაურბიან ამაზე საჯაროდ საუბარს, თუმცა ჩვენ შევძელით ერთ-ერთ მათგანთან გასაუბრება, რომელმაც გულახდილად გვიამბო ყველა იმ მიზეზის შესახებ, რამაც ნარკოტიკის მოხმარება გადააწყვეტინა და რის გამოც C ჰეპატიტით დაავადდა. რესპოდენტის თხოვნით მის ნამდვილ სახელს არ დავასახელებთ და პირობითად მას ლაშას ვუწოდებთ.
ლაშა, 31 წლის: - მე და ჩემმა ოთხმა ძმაკაცმა წამლის გაკეთება სულ რაღაც წელიწადნახევრის წინ დავიწყეთ. ყველაფერი ძალიან უბრალოდ მოხდა–ჩემმა ბათუმელმა მეგობარმა ორი ამპულა მორფი იშოვა და ბიჭებს შემოგვთავაზა, მოდით, ერთხელ გავუსინჯოთ გემო, გავიგოთ ხალხი რაზე კაიფობსო.
როგორც წესი, პირველ ჯერზე არავის მოსწონს, მაგრამ ჩვენ მაშინვე მაგრად გაგვისწორდა. პირველი გაკეთების შემდეგ “ლომკა”, რა თქმა უნდა არ გვქონია და ამიტომ ნელ-ნელა დავიწყეთ სხვადასხვა წამალზე “ჩალიჩი”.
მხოლოდ სამი თვის შემდეგ მივხვდით, რომ მაგარი ლომკები გვეწყებოდა ხოლმე თუ გაკეთებას დავიგვიანებდით. რამდენიმემ თავის დანებებაც ვცადეთ, მაგრამ იმ პერიოდში იმის გამო რომ ფულის პრობლემა არ გვქონდა, ლომკის გაძლებას ისევ წამლის გაკეთება ვამჯობინეთ.
ალბათ კარგად იცოდით, რომ ერთი შპრიცის რამდენჯერმე გამოყენებასაც შეიძლება ცუდი შედეგი მოჰყვეს. თუმცა მაინც დაუშვით ასეთი გამოუსწორებელი შეცდომა…
– თავიდან ჰიგიენურ ნორმებს ზედმიწევნით ვიცავდით, ყველას ჩვენ-ჩვენი შპრიცი გვქონდა. მაგრამ რამდენჯერმე მოხდა ისე, რომ თითოეულ ჩვენგანს სხვა სასტავში მოუწია გაკეთება და ვვარაუდობთ რომ C ჰეპატიტის სწორედ ასეთი “პონტიდან ავიკიდეთ”. როდესაც მაგარი “ლომკა” გაქვს, უკვე აღარ ფიქრობ უსაფრთხოებაზე. ერთი სული გაქვს როდის მოიხსნი ტკივილს და სულ ფეხებზე გკიდია რა შეიძლება აიკიდო.
ლაშა, მაინც რატომ ხდება ხოლმე ისე, რომ წამლის გაკეთების დროს საერთო შპრიცს იყენებენ – იმიტომ ხომ არა, რომ არა გინდა ძმაკაცს აგრძნობინო, მის ნახმარ შპრიცს რომ თაკილობ?
– შეიძლება ეგ მომენტიცაა. უფრო სწორად ყველაფერი იმის ბრალია, რომ როდესაც ხედავ შენი ძმაკაცი არ ერიდება შენი ნახმარი შპრიცის გამოყენებას, შენც უკვე უხერხულად გრძნობ თავს და უარს ვეღარ ამბობ. მახსოვს, ერთხელ ბორჯომში ვიყავით წასულები და წამალიც ბლომად გვქონდა წაღებული.
ეს ის პერიოდი იყო როცა ფული არ გვაკლდა და ასი შპრიცის ყიდვაც არ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ერთმა ჩვენმა ძმაკაცმა აიჩემა, მოდით უბრალოდ გავრისკოთ და ყველამ საერთო შპრიცით გავიჩხიროთო. თუ რამეა ერთად მოგვივიდეს და ერთად მოვკვდეთო. კი მინდოდა უარის თქმა, მაგრამ გამიტყდა და ყველანი დავთანხმდით.
ხომ შეიძლება იმ შენ ძმაკაცს უკვე ჰქონოდა ეს დაავადება და განგებ შემოეთავაზებინა თქვენთვის საერთო სპრიცის ხმარება? ცნობილია, რომ დაავადებული ადამიანების ნაწილი იბოღმება და უნდა სხვაც იტანჯებოდეს მასავით.
– მაგაზე მეც მიფიქრია და შეიძლება ასეც იყო, ვერ გეტყვით, რომ ეს ყველაფერი შეგნებულად “გაგვიჩალიჩა”. ასეც რომ იყოს, აზრი მაინც აღარაფერს აქვს, მოსახდენი უკვე მოხდა.
პირველად როგორ გაიგეთ რომ ეს დაავადება გჭირდათ?
– ერთი ჩემი ძმაკაცი ბელგიაში აპირებდა წასვლას და სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება მოუწია. მაშინ აღმოუჩინეს ჩ ჰეპატიტი. როგორც კი ეს გავიგეთ დანარჩენებიც მაშინვე ექიმებთან გავცვივდით და აღმოჩნდა, რომ ხუთიდან ოთხს იგივე ავადმყოფობა გვჭირდა.
წარმოიდგინეთ რა დღეში ჩავცვივდებოდით. ეს ყველაფერი ორი კვირის წინ მოხდა. ციროზი, როგორც იტყვიან ხოლმე, ხელში გვიჭირავს და ახლა ყველაფერი მხოლოდ დროის ამბავია. ექიმმა სიცოცხლის გარანტია სამ წელზე მეტი ვერ მომცა. კიდევ კარგი ჩემმა ოჯახის წევრებმა ამ ყველაფრის შესახებ არაფერი არ იციან, თორემ რა მოუვიდოდათ არ ვიცი...
როგორც ვიცი C ჰეპატიტისგან განკურნების შანსი არსებობს...
– ბოლომდე განკურნება თითქმის შეუძლებელია, თუმცა არსებობს სიცოცხლის გამახანგრძლივებელი პრეპარატები, რაც ათი ათას დოლარზე მეტი ჯდება. თანც მხოლოდ გერმანიაში მკურნალობა იძლევა ეფექტს. ბიძაჩემი საკმაოდ მდიდარი ბიზნესმენია და როცა ჩემი ამბავი გავუმხილე, შემპირდა მე გაგიშვებო, მაგრამ ეშინია ფული რომ მომცეს ისევ წამალში არ დავხარჯო. ამის გარანტიას სიმართლე რომ გითხრათ, მართლა ვერ მივცემ.
ლაშა, ახლა როგორ აპირებ ცხოვრებას?
–მესმის რასაც გულისხმობ.. მაქსიმალურად შევეცდები, რაც შეიძლება მეტის ნახვა და გაკეთება მოვასწრო. მე ნაღდად არ ვარ ის კაცი, რომ დავიბოღმო და ჩემი ავადმყოფობა სხვასაც გადავდო. ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ ცოლის მოყვანას ვერ შევძლებ.
მყავდა საცოლე, მაგრამ ორი დღის წინ თავად მოვუყევი ყველაფერი და მშვიდობიანად დავშორდით ერთმანეთს. ნამდვილად არ მინდა, რომ ჩემს გამო ისიც გაუბედურდეს. დროის წელიწადნახევრით დაბრუნება რომ შემეძლოს, ჩემდათავად გამკეთებლის დედაც…