პრეზიდენტი თანამშრომლობის ფორმატზე პარლამენტს უარს ეუბნება და თანამშრომლობის ფორმატებს პარლამენტის გარეთ, ოპოზიციურ პარტიებთან ეძებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
თალაკვაძის აზრით, პრეზიდენტი ფიქრობს, თუ როგორ გამოიყენოს ოპოზიციური პარტიები და ოპოზიციური პარტიები ფიქრობენ, თუ როგორ გამოიყენონ პრეზიდენტი.
“ცნობილი ხდება, რომ პრეზიდენტი საკუთარი ადმინისტრაციის მეშვეობით კონსულტაციებს აწარმოებს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან უკეთესი კოორდინაციისა და ერთიანი ძალისხმევის მისაღწევად, რითაც სავარაუდოდ, მას სურს, ის გადაწყვეტილებები შეცვალოს, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატშია მიღებული. ამას აკეთებს მაშინ, როცა თანამშრომლობის ფორმატებზე უარს ეუბნება პარლამენტს და პარლამენტს გარეთ ოპოზიციურ პარტიებს ეძებს. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ფიქრობს, თუ როგორ გამოიყენოს ოპოზიციური პარტიები და ოპოზიციური პარტიებიც ფიქრობენ, თუ როგორ გამოიყენონ პრეზიდენტი. პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, რომელიც ყველა მოქალაქის პოზიციის გამომხატველია და პარტიებსა და პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას“, - განაცხადა თალაკვაძემ.