პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და პარტიებს შორის შედგა შეთანხმება, როგორ უნდა დაგეგმონ კამპანია პარლამენტის წინააღმდეგ

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და პარტიებს შორის შედგა შეთანხმება, როგორ უნდა დაგეგმონ კამპანია პარლამენტის წინააღმდეგ

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის შედგა შეხვედრა, სადაც ისინი შეთანხმდნენ, თუ როგორ უნდა დაგეგმონ კამპანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის არჩევის წესზე საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, პრეზიდენტმა თავდაპირველად დაიწყო კამპანია საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ, რომელიც, „როგორც ჩანს, გაგრძელდება პარლამენტის წინააღმდეგ“.

”უმრავლესობის შეკრება შედგა, სადაც ჩვენ განვიხილეთ უპირატესობები და ნაკლოვანებები, სხვადასხვა საარჩევნო რეგულაციები პრეზიდენტთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სისტემურად ბევრად მნიშვნელოვანია არაპირდაპირი არჩევნები. იქ დაისვა კითხვა, თუ რისთვის ვატარებთ გაისად პირდაპირ არჩევნებს. განვმარტეთ, რომ აქ საუბარი იყო პოლიტიკურ კომპრომისზე პოლიტიკურ სუბიექტებთან და პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც ამ საკითხზე საუბრობდნენ. ვთქვით, რომ თუ პოლიტიკურ კომპრომისს ადგილი არ ექნება, პირდაპირ გადავალთ იმ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც მიგვაჩნია სწორად. ჩვენ ჯერ კიდევ დიდი იმედი გვაქვს, რომ კომპრომისს აზრი არ დაეკარგება, თუმცა არის კონკრეტული პროცესები, რომლებიც საპირისპიროზე მიუთითებს. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა დაიწყო მთელი კამპანია საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ, რომელიც გრძელდება. ეს კამპანია, როგორც ჩანს, გაგრძელდება პარლამენტის წინააღმდეგ. ბოლოს შედგა შეხვედრა ადმინისტრაციის უფროსსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, სადაც ისინი შეთანხმდნენ, თუ როგორ უნდა დაგეგმონ კამპანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. თუ ასეთი კამპანია გაგრძელდება, კომპრომისი აზრს დაკარგავს და გადავა იმ სისტემაზე, რომელიც ჩვენი აზრით არის სწორი”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.