მსჯელობის შედეგად ნათლად უნდა ჩამოვაყალიბოთ პოზიცია - უნდა იყოს თუ არა შეურაცხყოფა დასჯადი

მსჯელობის შედეგად ნათლად უნდა ჩამოვაყალიბოთ პოზიცია - უნდა იყოს თუ არა შეურაცხყოფა დასჯადი

გამოხატვის თავისუფლება არ უნდა იყოს შეზღუდული, მაგრამ შეურაცხყოფა არის სხვა ქმედება, რომელსაც საერთო არ აქვს გამოხატვის თავისუფლებასთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მოსამართლის დასაბუთებული ან თუნდაც დაუსაბუთებელი კრიტიკა არ უნდა შეიზღუდოს, მაგრამ თუ ეს არის შეურაცხყოფა, ამაზე უნდა იყოს მსჯელობა.

”მსჯელობის შედეგად ნათლად უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიციები - უნდა იყოს თუ არა შეურაცხყოფა დასჯადი, გამოხატვის თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს, მაგრამ შეურაცხყოფა არის სხვა ქმედება, რომელსაც არავითარი საერთო არ აქვს გამოხატვის თავისუფლებასთან. ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი სასამართლო და შეურაცხმყოფელი ქმედებებით ამის წინააღმდეგ მივდივართ. შეურაცხყოფა ნებისმიერ ქვეყანაში არის ქმედება, რომელსაც შესაბამისი რეაგირება მოყვება. მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ შეურაცხყოფის დაკანონება არ უნდა მოხდეს”, - განაცხადა ვალერი ცერცვაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის შეურაცხყოფაზე საკანონმდებლო რეგულაციის დაწესების ინიციატივით გამოდის. აღნიშნული მოსაზრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა 4 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოთქვეს და დეპუტატებს ამ საკითხზე დისკუსიის დაწყება შესთავაზეს.

ამასთან, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ორი დღის წინ განცხადება გაავრცელა და გააკრიტიკა მედიის წარმომადგენლების მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებული განცხადებები. საბჭოს შეფასებით, ეს განცხადებები წარმოადგენს სასამართლო სისტემის ინსტიტუტისადმი უპატივცემულობას და მოსამართლეთა ინდივიდუალური რეპუტაციის უფლების არაერთგზის უხეშ შელახვას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეებმა რეაგირებისთვის მიმართეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ჟურნალისტთა კორპუსს, სამოქალაქო სექტორს, სახალხო დამცველსა და ქართულ საზოგადოებას.