უმრავლესობას კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირებისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვება ჯერ არ დაუწყია

უმრავლესობას კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირებისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვება ჯერ არ დაუწყია

კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირებისთვის დეპუტატთა ხელმოწერების შეგროვება პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა.

საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების პირველ ეტაპს სწორედ ხელმოწერების შეგროვება წარმოადგენს.

“ქართული ოცნება“ პარლამენტში კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის წარდგენას პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის სახელით გეგმავს, რაც სათანადო ხელმოწერებით უნდა იყოს დადასტურებული.

ეს პროცესი პარლამენტში ამ დრომდე არ დაწყებულა, თუმცა როგორც “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, ხელმოწერების შეგროვებას ხვალიდან იწყებენ. ანალოგიური ინფორმაცია აქვს უმრავლესობის წევრ აკაკი ზოიძეს.

მას შემდეგ, რაც კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი დეპუტატთა ხელმოწერებით პარლამენტის ბიუროს წარედგინება, ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების მიზნით ბიურო მას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადასცემს.

ამ პროცედურას მოჰყება საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო ჯგუფის შექმნა და საჯარო განხილვები, რაც ერთი თვის განმავლობაში გრძელდება. ამის შემდგომ პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს.