სან-ფრანცისკოს ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულება, რომლის თანახმად, მიგრანტებით დასახლებულ ე.წ. „ქალაქ-თავშესაფრებს“ ბიუჯეტიდან დაფინანსება უწყდებათ, დაბლოკა.
მოსამართლემ ტრამპის განკარგულება არაკონსტიტუციურად მიიჩნია.
სარჩელი აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებასთან მიმართებაში სან-ფრანცისკოსა და და სანტა-კლარას ოლქებმა შეიტანეს. მათი განმარტებით, აშშ-ის კონსტიტუციის შესაბამისად, აშშ-ის პრეზიდენტი არ არის უფლებამოსილი ქალაქების ან მუნიციპალური ერთეულების ტერიტორიაზე რეგულაციები ან წესები დააწესოს და მიგრანტებთან ურთიერთობების რეგულაციები ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაშია.
აშშ-ში „ქალაქები-თავშესაფრები“ პირველად მე-20 საუკუნის 70-იან წლებში გამოჩნდა. ამჟამად აშშ-ში 300-ზე მეტი ასეთი ქალაქია, სადაც ადგილობრივი ხელისუფლება უარს ამბობს ფედერალურ უწყებებს ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობის საიმიგრაციო სტატუსზე.
ე.წ. „ქალაქ-თავშესაფრებისთვის“ ბიუჯეტიდან დაფინანსების შეწყვეტის შესახებ განკარგულებას ტრამპმა ხელი იანვრის ბოლოს მოაწერა.