აფხაზ და ოს მომლოცველებთან შეხვედრისთვის პოლიტიკური სარჩულის მიცემა ყოვლად მიუღებელია

აფხაზ და ოს მომლოცველებთან შეხვედრისთვის პოლიტიკური სარჩულის მიცემა ყოვლად მიუღებელია

ისრაელის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე იერუსალიმის ბერძენ მართლმადიდებელ პატრიარქ თეოფილოს მესამეს შეხვდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სხვა საკითხებთან ერთად ელჩმა და პატრიარქმა აფხაზური ელექტრონული მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ისაუბრეს, რომლის თანახმადაც, 10 აპრილს, თეოფილოს III იერუსალიმში აფხაზი მომლოცველები მიიღო და ე.წ. „აფახაზეთის მთავრობა“ დალოცა.

შეხვედრაზე, იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილოს III დაადასტურა აფხაზ და ოს მომლოცველებთან შეხვედრა, თუმცა აღნიშნა, რომ მისთვის ყოვლად მიუღებელია ამგვარი შეხვედრისთვის პოლიტიკური სარჩული მიცემა. „ჩემი მკაცრი პოზიცია არის, რომ მე არ ვერევი პოლიტიკაში. მე მათ შევხდი, როგორც ქრისტიანებს, რომლებიც მოსალოცად ჩამოვიდნენ ისრაელში წმინდა მიწაზე აღდგომის დღესასწაულზე. ამ პერიოდში, როგორც ჩემთვის ცნობილია ბევრი მომლოცველი ჩამოდის საქართველოდან და ვფიქრობ კარგია, როდესაც არსებობს შესაძლებლობა ადამიანები შეხვდნენ ერთმანეთს”, - აღნიშნა იერუსალიმის პატრიარქმა და გამოხატა წუხილი, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მასთან აუდიენციას სხვადასხვა ინტერპრეტაციები ეძლევა.