ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თურქეთში მონიტორინგის განახლებას მხარი დაუჭირა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თურქეთში მონიტორინგის განახლებას მხარი დაუჭირა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტარების უმეტესობამ კენჭისყრის შედეგად რეზოლუცია მიიღო, რომლითაც თურქეთში მონიტორინგი განახლდება, - იუწყება სააგენტო „ანადოლუ“.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 113 პარლამენტარმა, 45 - წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 12 პარლამენტარმა თავი შეიკავა. რაც შეეხება ქართულ დელეგაციას, საქართველოს დელეგაციამ აღნიშნულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. ზვიად კვაჭანტირაძემ, დავიდ ბაქრაძემ, თამარ ჩუგოშვილმა, სოფიო ქაცარავამ და ირინა ფრუიძემ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა.

რეზოლუცია აკრიტიკებს თურქეთის ხელისუფლები გადაწყვეტილებებსა და ზომებს, რომელიც მიღებული იყო 2016 წლის 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ.

რეზოლუციის ავტორების მტკიცებით, თურქეთში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება დარღვეულია. რეზოლუციის თანახმად, თურქეთის ხელისუფლებას თურქეთსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობის გასაგრძელებლად რიგი რეკომენდაციები ეძლევა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ოფიციალურ ანკარას ასევე მოსთხოვა, უახლოეს პერიოდში გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა.