ვენეციის კომისია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კონსტიტუცია არის ჩვენი, სახელმწიფოსი

ვენეციის კომისია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კონსტიტუცია არის ჩვენი, სახელმწიფოსი

ვენეციის კომისია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კონსტიტუცია არის ჩვენი, სახელმწიფოსი, ამიტომ მთავარი ამოსავალია, რამდენად ჩაჯდება ის ჩვენს კულტურასა და რეალობაში, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა კითხვას, გაითვალისწინებს თუ არა მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის შენიშვნას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, თუ ასეთი იქნება.

გოგიჩაიშვილის თქმით, ვენეციის კომისიისა და საერთო-სახალხო განხილვის გარდა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი შიდაგუნდურ განხილვასაც გაივლის „ქართული ოცნების“ იმ წევრებთან, რომლებიც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ მონაწილეობდნენ და არ გამორიცხავს, გარკვეული საკითხები პროექტში კიდევ შეიცვალოს. 

„ვენეციის კომისიის გარდა, ეს საკითხი გუნდში გასავლელია. იყო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატი, სადაც როგორც ჩვენი, ისე სხვა პარტიის წარმომადგენლებიც შედიოდნენ. დოკუმენტის განხილვა მოხდება იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც არ მონაწილეობდნენ კომისიის ფორმატში. მაგალითად, მე არ ვყოფილვარ კომისიის წევრი. ამ საკითხების ხელახლა გავლა მოგვიწევს გუნდში. მე არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც საკითხები შეიცვალოს, იმიტომ რომ რაღაცებზე შეიძლება, თეორიულად კითხვები გაჩნდეს. ამიტომ ეს პროცესი არ დამთავრებულა - არ დამთავრებულა საერთო-სახალხო და შიდაგუნდური განხილვები. ბევრი რამის გათვალისწინება მოხდება. ვენეციის კომისია ძალიან მნიშვნელოვანია თავისი ექსპერტული მოსაზრებებით, მაგრამ კონსტიტუცია არის ჩვენი, სახელმწიფოსი. ამ კონსტიტუციამ უნდა გაუძლოს წლებს, მრავალ პოლიტიკურ თაობას. ამიტომ მთავარი ამოსავალი არის, რამდენად ჩაჯდება ეს ჩვენს კულტურაში, ჩვენს რეალობაში და რამდენად იქნება ასახული ჩვენი ხალხის მისწრაფებები, იდეალები, გამოხატულებები. კონსტიტუცია არის საზოგადოების მანიფესტი - თუ რა გვინდა და ეს უნდა იყოს ჩადებული კონსტიტუციაში“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დეპუტატი ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო სისტემის კრიტიკასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტიების ელექტორატთან აქვთ პრობლემა და ამას საკონსტიტუციო ჩანაწერი ვერ გადაწყვეტს.

„ვის აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი და ვის აქვს ამის შესაძლებლობა? - რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ თავისი საკონსტიტუციო უმრავლესობით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პროცესი ყოფილიყო მაქსიმალური ჩართულობით უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, იკითხებოდა კიდეც, რომ რაღაც პერიოდის მერე გარკვეული ადამიანები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, მაგრამ საქმე ნაწერში არ არის - მათი პრობლემა ელექტორატთან ურთიერთობების სახით არის. მათი პრობლემაა, როდესაც ადამიანები ხმას არ აძლევენ... რა კონსტიტუციური ჩანაწერი უნდა გაჩნდეს ისეთი, რომ თუ ადამიანს აქვს უნარი არჩევნებში წარმატების მიღწევის, ამ ჩანაწერმა ხელი შეუშალოს?! ჩვენ ძალიან ბევრ დათმობაზე წავედით. ის რომ, ვიღაც პარტიას არ მოსწონს რაღაც სისტემა, ეს სისტემის ბრალი არ არის, მათი პრობლემაა. სამკაციან პარტიას რა პრეტენზია უნდა ჰქონდეს, ამიხსენით. თუ ადამიანებს არ აქვთ უნარი, 20 წლის განმავლობაში 2%-ზე მეტი მხარდაჭერა მიიღონ, რა უნდა ჩავწეროთ იმისთანა კონსტიტუციაში, რომ მათ მეტი წარმატების მიღწევის საშუალება მივცეთ?“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციისთვის მიუღებელია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით შემოთავაზებული პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომლის დროსაც გაუნაწილებელი მანდატები პირველ ადგილზე გასულ პარტიას რჩება.