ოპოზიციურ პარტიებს მეტი მუშაობა დასჭირდებათ, რომ ხელისუფლების კვალიფიციური კრიტიკა შეძლონ

ოპოზიციურ პარტიებს მეტი მუშაობა დასჭირდებათ, რომ ხელისუფლების კვალიფიციური კრიტიკა შეძლონ

ვფიქრობ, ოპოზიციურ პარტიებს მეტი მუშაობა დასჭირდებათ იმისთვის, რომ ხელისუფლების კვალიფიციური კრიტიკა შეძლონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ოპოზიციური პარტიების გაერთიანებამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე.

ძიძიგურის თქმით, ოპოზიცია უნდა იყოს თავის ადგილზე, იყოს ყოჩაღად და შეასრულოს მაკონტროლებლის ფუნქცია.

„ცუდი არაფერია იმაში თუკი ოპოზიციური ძალები გაძლიერდება, გაერთიანდება ყველა საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის არჩევნების საკითხზე, კონსტიტუციაზე. ამაში ცუდი არაფერია. ძლიერი ოპოზიცია ცუდი არაა ხელისუფლებისთვის. ხელისუფლებისთვის უმჯობესია ოპოზიცია იყოს თავის ადგილზე, იყოს ყოჩაღად, მაკონტროლებლის ფუნქცია იმ დონეზე შეასრულოს, რომ ხელისუფლებამ შეცდომები არ დაუშვას. მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას მეტი მუშაობა დასჭირდება იმისთვის, რომ ხელისუფლების კვალიფიციური კრიტიკა შეძლოს. გუშინდელ მაგალითს მოვიყვან, როდესაც ოპოზიციურმა პარტიებმა მოითხოვეს, იმ კანონებში ცვლილების შეტანა, რომლებიც აღარ ფუნქციონირებს და აღარ არის ძალაში. ასეთი ტიპის ოპონირებით ისინი რაიმე სურათს ვერ შეცვლიან ქვეყანაში“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.