“ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო და საპარლამენტო განხილვების პროცესში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას არ გამორიცხავს.
როგორც “ინტერპრესნიუსს“ ქუცნაშვილმა განუცხადა, განხილვების პროცესში გამოთქმული არგუმენტები გამოაჩენს, რა სჯობს დარჩეს საბოლოოდ კონსტიტუციაში - შერეული საარჩევნო სისტემა, პროპორციული თუ მაჟორიტარული სისტემა. ამ კონტექსტში უმრავლესობის დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ საარჩევნო სისტემის თემაზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა.
“საყოველთაო განხილვის პროცესი, გამოთქმული მოსაზრებები და არგუმენტები გვიჩვენებს, რა სჯობს დარჩეს საბოლოო ვარიანტში - შერეული საარჩევნო სისტემა, პროპორციული სისტემა თუ სუფთა მაჟორიტარული სისტემა. საკონსტიტუციო კომისიის დონეზე სამივე ვარიანტი იყო განხილული. საარჩევნო სისტემის საკითხზე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. არიან მაჟორიტარები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სჯობს დარჩეს შერეული საარჩევნო სისტემა. არის დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც მიიჩნევს, რომ პარლამენტი სუფთა მაჟორიტარულ სისტემზე უნდა გადავიდეს - დისკუსია შიგნით არსებობს“, - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.
ქუცნაშვილი კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ ის მხარს უჭერს მაჟორიტარულ სისტემას, რადგან “ხალხის წარმომადგენელს ხალხი უნდა იცნობდეს“.
“დეპუტატი პირდაპირ უნდა იყოს არჩეული და არა დახურული პარტიული სიით, სადაც პარტიის თავმჯდომარე განსაზღვრავს ვინ ჩაწეროს სიაში პირველი და ვინ - მეასე. მაჟორიტარულ სისტემას ის უპირატესობა გააჩნია, რომ ამომრჩეველმა იცის, კონკრეტულად ვის უნდა მისცეს ხმა და იცის, ვის მოსთხოვოს პასუხი. გარდა ამისა, მაჟორიტარიული სისტემა არის ერთადერთი სისტემა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების კვალობაზე ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების პოლიტიკური ინტეგრაციის შანსს გვიტოვებს“, - აცხადებს ქუცნაშვილი.
კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მომზადდა, პარლამენტი მთლიანად პროპორციული საარჩევნო სისტემით ირჩევა.