საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების წინა დღეს საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობიდან განსხვავებული პოზიციების მქონე წევრების გაყვანა დიდი შეცდომა იყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას კვლავაც ხან ემოციები სჭარბობს, ხან პერსონალურ-პოლიტიკური სამაგიეროს გადახდის მიზანი, ხანაც „გამდის და გამყავს“ მიდგომა.
„საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების წინა დღეს საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობიდან განსხვავებული პოზიციების მქონე წევრების გაყვანა დიდი შეცდომა იყო. ამგვარი ნაბიჯებით ირყევა სწორედ ის ფუნდამენტი, რასაც უკეთესი კონსტიტუციური წესრიგი უნდა ეფუძნებოდეს.
ვწუხვარ, რომ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას კვლავაც ხან ემოციები სჭარბობს, ხან პერსონალურ-პოლიტიკური სამაგიეროს გადახდის მიზანი, ხანაც „გამდის და გამყავს“ მიდგომა. ეს ყველაფერი სერიოზულად აზარალებს იმ სამუშაოსაც, რაც კომისიამ თუნდაც სწორი მიმართულებით გასწია. ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ამ და სხვა საკითხებზე ჩემი ხედვებისა და გეგმების თაობაზე უფრო დაწვრილებით პარასკევს, 28 აპრილს მოგახსენებთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელ სხდომამდე ერთი დღით ადრე, კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კომისიის შემადგენლობიდან ყველა იმ პარტიის წარმომადგენელი ამოიღო, რომელთაც საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო ვარიანტის გამო შემაჯამებელ სხდომაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.
ირაკლი კობახიძემ ბრძანება 21 აპრილს გამოსცა, რომლის მიხედვით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობიდან ამოღებულია 13 წევრი – საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. შესაბამისად, მუშაობის ბოლო დღეს, კომისიის შემადგენლობა 73 წევრის ნაცვლად განსაზღვრული იყო 60 წევრით და შეცვლილი იყო გადაწყვეტილების მიღების კვორუმი.
22 აპრილს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ შემაჯამებელ სხდომაზე, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 43 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო.