ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა საბოლოო კენჭისყრის შედეგების შთამბეჭდავად წარმოსაჩენად შეცვალა

ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა საბოლოო კენჭისყრის შედეგების შთამბეჭდავად წარმოსაჩენად შეცვალა

იურისტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კომისიის შემადგენლობა საბოლოო კენჭისყრის შედეგების ”შთამბეჭდავად წარმოსაჩენად შეცვალა”.

როგორც ალაფიშვილმა ”ინტერპრესნიუსს” საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, კობახიძეს გადაწყვეტილების შეცვლის ფორმალურ-სამართლებრივი უფლება ჰქონდა.

”ფორმალურ-სამართლებრივი უფლება საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლის პარლამენტის თავმჯდომარეს რა თქმა უნდა, აქვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია როდის და რის გამო იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საბოლოო კენჭისყრის წინა დღეს, მაშინ როცა უკვე დამთავრებული იყო მსჯელობა და მეორე მაშინ, როცა უნდა გამართულიყო კენჭისყრა, ანუ გადავდივართ ქვორუმის და პოლიტიკურ საკითხზე. კერძოდ, იმაზე, რომ საბოლოო კენჭისყრის შედეგები წარმოჩენილიყო შთამბეჭდავად. მარტივად რომ ვთქვათ, 73-დან 43 მხარდამჭერი ნაკლებად შთამბეჭდავია, თუმცა 60-დან 43 მხარდამჭერი უკვე რეალური შედეგია. როგორც ჩანს, ეს იყო ნაწილი იმ პროცესის, რასაც საბოლოო კენჭისყრამდე მისვლა და მნიშვნელოვანი შედეგების გაფორმება ჰქვია. მე არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან აქ მთავარი არა ფორმალურ-სამართლებრივი საკითხი, არამედ ფართო კონსენსუსის არსებობაა, რომელიც სამწუხაროდ ჯერჯერობით არ არის”, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

მისივე თქმით, ახლა მმართველმა უმრავლესობამ უნდა გაუძლოს ცდუნებას და ძალით, ხელების გადაგრეხვით და კუნთების თამაშით არ უნდა მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება.

„როდესაც ძირითადი პოლიტიკური სუბიექტების, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, ან შესაძლოა მონაწილეობა მიიღონ, არ არიან თანახმა ამ პროექტზე, არის მნიშვნელოვანი განსხვავება უმნიშვნელოვანეს საკითხებზე არასამთავრობო სექტორთან, აქ რჩება მმართველი პოლიტიკური ძალა. მან უნდა შეძლოს განხილვების დროს მაქსიმალური კონსენსუსის მიღწევა. მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ პირველი ნაბიჯები თავად უნდა გადადგას და რაც მთავარია, უნდა გაუძლოს ცდუნებას, რომ რადგან მმართველი უმრავლესობა აქვს, ძალით, ხელების გადაგრეხვით და კუნთების თამაშით არ მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება”, - აღნიშნა ალაფიშვილმა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელ სხდომამდე ერთი დღით ადრე, კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კომისიის შემადგენლობიდან ყველა იმ პარტიის წარმომადგენელი ამოიღო, რომელთაც საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო ვარიანტის გამო შემაჯამებელ სხდომაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

ირაკლი კობახიძემ ბრძანება 21 აპრილს გამოსცა, რომლის მიხედვით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობიდან ამოღებულია 13 წევრი – საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. შესაბამისად, მუშაობის ბოლო დღეს, კომისიის შემადგენლობა 73 წევრის ნაცვლად განსაზღვრული იყო 60 წევრით და შეცვლილი იყო გადაწყვეტილების მიღების კვორუმი.

22 აპრილს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ შემაჯამებელ სხდომაზე, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 43 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო.