პლებისციტის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის, ადამიანებს არ ადარდებთ, პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით იქნება, თუ არაპირიდაპირი

პლებისციტის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის, ადამიანებს არ ადარდებთ, პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით იქნება, თუ არაპირიდაპირი

ეს ის თემებია, რომლის თაობაზეც პლებისციტის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის, რადგან საუბარია საარჩევნო წესის ნიუანსებსა და ტექნიკურ დეტალებზე, - ასე ეხმიანება ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ,,ევროპული საქართველოს“ ინიციატივას, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარებაზე.

როგორც ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ადამიანებს არ ადარდებთ, პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით მოხდება თუ არაპირდაპირი წესით.

,,ეს ის თემებია, რომლის თაობაზეც პლებისციტის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის, რადგან საუბარია საარჩევნო წესის ნიუანსებსა და ტექნიკურ დეტალებზე. არ მგონია, რომ მოსახლეობის უმეტესობას ჩამოყალიბებული პოზიცია ჰქონდეს. ისევე როგორც იმის თაობაზე, საპარლამენტო რესპუბლიკა გვექნება და როგორია საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუციური მოწყობა და როგორია საპრეზიდენტო რესპუბლიკის კონსტიტუციური მოწყობა. არ მგონია, რომ ეს მიზანშეწონილი იყოს.

გააჩნია, კითხვის ფორმულირება როგორი იქნება - ხალხო, გართმევენ პრეზიდენტის არჩევის უფლებას და როგორ ფიქრობთ ამაზეო? - გეტყვიან არას. ადამიანებს არ ადარდებთ, პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით იქნება, თუ არაპირიდაპირი წესით. ადამიანებს ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა ადარდებთ ისევე როგორც ის, რამდენად ეფექტური მთავრობა ეყოლებათ. ეს არის თითიდან გამოწოვილი პრობლემები“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

”ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოდის. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, ”ევროპული საქართველოს” ინიციატივა შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების ორ მთავარ საკითხს - პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების თემას და საპარლამენტო არჩევნების სისტემას.