აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ახალი საელჩო ლენტის გაჭრის გარეშე გახსნეს

აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ახალი საელჩო ლენტის გაჭრის გარეშე გახსნეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა სოხუმში რუსეთის ე.წ. საელჩოს გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

„აფხაზეთში რუსეთის საელჩოს რვაწლიანმა მუშაობამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა უამრავ სფეროში ურთიერთთანამშრომლობის კუთხით და მზად ვართ მომავალი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. გვახარებს, რომ რუსი დიპლომატები ამიერიდან კომფორტულ პირობებში იმუშავებენ“, - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

მისი თქმით, სერგეი ლავროვის ვიზიტი ნათელი დადასტურებაა იმის, თუ რამხელა ყურადღებას უთმობს აფხაზეთთან ურთიერთობას.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა, რომ ნებისმიერი ახალმოსახლეობა ყოველთვის დიდი ზეიმია, თუკი ვილაპარაკებთ დიპლომატების მუშაობაზე, საელჩო მათი მეორე სახლია.

მან ყურადღება გაამახვილა კომპლექსის მასშტაბზეც. „საელჩოს შესანიშნავი პროექტია - ეს არ არის გიგანტიზმისადმი ლტოლვა, არამედ ადასტურებს აფხაზეთისა და რუსეთის ურთიერთობების დიდებას“, - განაცხადა ლავროვმა.

დღევანდელ გახსნაზე ლენტის გაჭრა არ ყოფილა.