მიხეილ ჯანელიძე: ვხედავთ, რომ რუსეთი აგრძელებს პროვოკაციულ ნაბიჯებს

მიხეილ ჯანელიძე: ვხედავთ, რომ რუსეთი აგრძელებს პროვოკაციულ ნაბიჯებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ ვიზიტს პროვოკაციულ ნაბიჯად აფასებს. 

როგორც მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით, როდესაც საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზეა საუბარი.

”ჩვენ ვხედავთ რომ რუსეთი აგრძელებს პროვოკაციულ ნაბიჯებს და ქმედებებს. სამწუხაროდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი პირველი არ არის ოკუპირებულ რეგიონებში. ვიზიტები 2008, 2009 და 2011 წლებშიც განხორციელდა. ეს არის სრული იგნორირება საერთაშორისო სამართლის, საერთაშორსისო ნორმების და პრინციპების. რა თქმა უნდა საერთაშორისო საზოგადოება უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით, როოდესაც საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე ვსაუბრობთ”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი 18-19 აპრილს, სამუშაო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. 
„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 18-19 აპრილს სამუშაო ვიზიტით აფხაზეთს ეწვევა. 18 აპრილს, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთში რუსეთის საელჩოს ახალი შენობის გახსნის საზეიმო ცერემონიალში. 19 აპრილს, სოხუმში, სერგეი ლავროვსა და აფხაზეთის პრეზიდენტს შორის მოლაპარაკებები გაიმართება“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.
ზახაროვას თქმით, მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეები ორმხრივი ურთიერთობების ძირითად საკითხებს განიხილავენ, ასევე აფხაზეთის საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებისა და რუსეთ-აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ურთიერთქმედების კოორდინაციის საკითხს.