პარლამენტმა გია თორთლაძის მიერ ინიცირებული „თავისუფლების ქარტია“ პირველი მოსმენით დაამტკიცა. დეპუტატმა საკანონმდებლო ინიციატივები „ლუსტრაციის შესახებ“ კანონი და „პატრიოტის აქტი“, „თავისუფლების ქარტიად“ ჩამოაყალიბა. კანონპროექტი თანამდებობრივ შეზღუდვებს უწესებს იმ პირებს, რომლებიც საბჭოთა სპეცსამსახურებთან ღიად თუ ფარულად თანამშრომლობდნენ.
გადაწყვეტილება დეპუტატებმა გუშინდელ პლენარულ სხდომაზე, 75 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღეს.
თორთლაძის საკანონმდებლო ინიციატივა საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო საზღვრების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და ტვირთების მკაცრ მონიტორინგს, ფინანსური ოპერაციებისა და საბანკო გადარიცხვების კონტროლს, ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების რეგისტრაციის, ნებაყოფლობითი აღრიცხვის და რეესტრის წარმოების მიზნით, სახელმწიფო კომისიის შექმნას, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წარმომადგენლებზე თანამდებობრივი შეზღუდვების დაწესებას და რიგ სხვა ინიციატივებს ითვალისწინებს.
აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში თითქმის ერთი წელია რაც ინიცირებულია, რამდენიმე კვირის წინ კი, თორთლაძემ პროექტს კიდევ ერთი ინიციატივა დაამატა, რომლის თანახმად, საქართველოში საბჭოთა-ბოლშევიკური სიმბოლიკა კანონით უნდა აიკრძალოს.
უმრავლესობის წარმომადგენლები „ლუსტრაციის შესახებ“ კანონთან მიმართებაში „სიფრთხილის გამოჩენას“ ითხოვენ, ხოლო საპარლამენტო ოპოზიცია კანონპროექტში „ადამიანების დაშანტაჟების საფრთხეს“ ხედავს.
თავად გია თორთლაძის შეფასებით, საქართველოში „თავისუფლების ქარტიის“ მსგავსი კანონი 15 წლის წინ რომ მიღებულიყო პოლიტიკური პროცესები ბევრად უფრო რბილად წარიმართებოდა.
თორთლაძის განმარტებით, კანონპროექტი თანამდებობრივ შეზღუდვებს უწესებს იმ პირებს, რომლებიც საბჭოთა სპეცსამსახურებთან ღიად თუ ფარულად თანამშრომლობდნენ და მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნებათ, თუმცა ასეთ შემთხვევაში ცესკო ვალდებულია გამოაქვეყნოს ამ ადამიანის ბოიგრაფიული ცნობები და თავად ამომრჩეველმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა მას მხარი დაუჭიროს.
„იმის გათვალისწინებით, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ქვეყანაში ადგილი ჰქონდა ტერაქტების მთელ თაიგულს, ამოქმედდება ანტიტერორისტული მექანიზმები, რაც საზღვრების, სტრატეგიული ობიექტებისა და ტვირთების მკაცრ მონიტორინგს, ასევე ფინანსური ოპერაციებისა და საბანკო გადარიცხვების კონტროლს გულისხმობს. კანონპროექტი საფრთხეს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის წარმოადგენს, ვინც ტერაქტების მოწყობას აპირებენ, ეწეოდნენ და ეწვევიან ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას და ვისთვისაც ბოლშევიზმი იდეოლოგიად არის გადაქცეული“, – აღნიშნავს თორთლაძე.
პროექტის ავტორი დარწმუნებულია, რომ მის მიერ მომზადებული კანონპროექტის „დაბლოკვა რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს და ყოფილ აგენტებს აწყობთ“.
„დღეს ბევრი ქილიკობს და ცდილობს ისეთი სურათის დახატვას, თითქოს კანონპროექტი ომის ვეტერანების შეურაცხყოფასა და საბჭოთა ფილმების აკრძალვას ისახავს მიზნად. ამ დეზინფორმაციებს სწორედ ის ადამიანები ავრცელებენ და ქილიკობენ, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებს დღემდე ემსახურებიან და „ლუსტრაციის კანონის“ მიღება ნამდვილად არ აწყობთ“ - განაცხადა თორთლაძემ და აქვე დასძინა, რომ „რუსეთს ლუსტრაციის შესახებ კანონი თავის დროზე რომ მიეღო, დღეს მისი მმართველი ვლადიმერ პუტინი ვერ იქნებოდა“.
„ბოლოს და ბოლოს, უნდა გადავწყვიტოთ, რა გზით მივდივართ და რას ვირჩევთ - ჯვარსა და ეკლესიას, თუ ნამგალსა და უროს“ - დასძინა დეპუტატმა. თორთლაძე საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვით გულდაწყვეტილ ადამიანებს, ამ სიმბოლიკის სახლში სუვენირებად გატანებასაც ჰპირდება.
ქარტიის დეტალები არ მოსწონს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს, რაც თორთლაძისთვის გაუგებარია და არ ესმის, რატომ უნდა წყდებოდეთ საქართველოს მოქალაქეებს გული საბჭოთა სიმბოლიკებზე.
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი „ლუსტრაციის შესახებ“ კანონთან მიმართებაში სიფრთხილის გამოჩენას ითხოვს. ამის შესახებ არსენიშვილმა გუშინ „თავისუფლების ქარტიის“ განხილვისას, განაცხადა, რომლის შემადგენლობაში „ლუსტრაციის კანონიც“
შედის.
არსენიშვილის თქმით, მას ესმის გია თორთლაძის სულისკვეთების, მაგრამ კანონპროექტმა გარკვეულ ადამიანებს ჩრდილი არ უნდა მიაყენოს.
არსენიშვილმა კოლეგებს შეახსენა, რომ ილია ვეკუა ცეკას წევრი იყო. ასევე, ამ კანონპროექტით, ჟიული შარტავას თანამდებობის დაკავება აეკრძალებოდა. მისი თქმით, კანონპროექტმა მაღალი იურიდიული მონიტორინგი უნდა გაიაროს, რათა ადამიანების უსამართლო შეურაცხყოფის ალბათობები გამოირიცხოს.
„ჩემთვის, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველისთვის, ყველა ადამიანი პირველ რიგში ადამიანია“, - განაცხადა არსენიშვილმა და კოლეგებს კანონპროექტის საბოლოო დამტკიცებამდე მეტი სიფრთხილის გამოჩენა მოსთხოვა.
ლევან ვეფხვაძე „ლუსტრაციის შესახებ“ კანონპროექტში ადამიანების დაშანტაჟების საფრთხეს ხედავს. ამის შესახებ ვეფხვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აქამდე მსგავსი კანონი იმიტომ არ მიიღებოდა, რომ არქივებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არსებობს. ვეფხვაძე არ გამორიცხავს, რომ „ლუსტრაციის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, ვინმეს მისი არქივის გამოაშკარავების სურვილი გაუჩნდეს და იმ ადამიანის დასაშანტაჟებლად გამოყენოს, ვის შესახებაც შესაძლოა მას გარკვეული მასალები ჰქონდეს.
ლევან ვეფხვაძის ამ მოსაზრებას მოგვიანებით კანონპროექტის ავტორმაც და საპარლამენტო უმრავლესობამაც არარეალური უწოდა.
ამასთან ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არც კომუნისტური სახელის ქუჩა უნდა იყოს და არც ვარდების მოედანი. ვეფხვაძის ამ განცხადებამ უმრავლესობის წევრი პავლე კუბლაშვილი აღაშფოთა.
„ის, რაც 1921 წელს მოხდა საქართველოს ოკუპაცია იყო, ხოლო ის, რაც 2003 წელს მოხდა, ქართველი ხალხის ნების გამოხატულებაა“, – უთხრა კუბლაშვილმა ვეფხვაძეს.
საბჭოთა სიმბოლიკების აკრძალვამ პარლამენტის სამი კომიტეტის სხდომაზე კამათი გამოიწვია. საბჭოთა სიმბოლიკების აკრძალვის შემდეგ პარლამენტის შენობაზე გამოსახული ნამგალისა და უროს გამოსახულების დემონტაჟი გახდება საჭირო.
“უნდა დავითვალოთ, რა დაჯდება, ამ სიმბოლიკების მოხსნა, პარლამენტის შენობა დასანგრევი არ გაგვიხდეს, – აცხადებს ვეფხვაძე.
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი გია თორთლაძის მიერ მომზადებულ „თავისუფლების ქარტიას“ საბოლოოდ მიიღებს, კომუნისტური სიმბოლოები ქვეყანაში კანონის ძალით აიკრძალება.