პრეზიდენტი - კომიკურია აზრი იმის შესახებ, რომ მე საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარის თანამდებობა მინდოდა

პრეზიდენტი - კომიკურია აზრი იმის შესახებ, რომ მე საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარის თანამდებობა მინდოდა

კომიკურია აზრი იმის შესახებ, რომ მე საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარის თანამდებობა მინდოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რითაც ერთ-ერთი სტუდენტის შეკითხვას უპასუხა. კერძოდ, სტუდენტი დაინტერესდა, რატომ არ მიიღო მონაწილეობა პრეზიდენტმა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში იმ ფონზე, როცა მას მუშაობაში ჩართვა შეეძლო.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოში არსებობს ძალიან ცუდი ტრადიცია იმისა, რომ მმართველი ძალა ცდილობს კონსტიტუციის თავის სასარგებლოდ გადაკეთებას და გამოყენებას, თუმცა „ვერც ერთმა ძალამ ასე შეცვლილი კონსტიტუცია თავის სასარგებლოდ ვერ გამოიყენა“. 

“მე ვთავაზობდი, რომ ვყოფილიყავით სამი თანათავმჯდომარე. კომიკურია აზრი იმის შესახებ, რომ მე თანათავმჯდომარის თანამდებობა მინდოდა. კომისიის ფორმატი უნდა ყოფილიყო ღია. ასეთი იყო ჩემი მოსაზრება. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ შესაცვლელი იქნებოდა ერთი მუხლი. მე ვფიქრობდი, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ უნდა გვეკითხა საზოგადოებისთვის, თუნდაც პრეზიდენტის არჩევის წესზე და ასე შემდეგ”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილის თქმით, კომისიის თანათავმჯდომარეობა საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად უნდოდა.

“ამ თვალსაზრისით, გარკვეულწილად კომისია ჩაიკეტა და თქვა, რომ „არა“. სწორედ ეს ჩართულობა იყო ჩემი მიზანი. მინდოდა გამეკეთებინა კომისიიდან ის, რასაც მე ვაკეთებ ჩემი კამპანიით “კონსტიტუცია ყველასია”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამ წუთებში პრეზიდენტი ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს ხვდება.