სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე არ გამორიცხავს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას საფრთხე შეექმნას.
როგორც ლორთქიფანიძემ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის, რაც საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრების მეორე რაუნდში კითხვისა და ეჭვების გარეშე იყო, მესამე რაუნდის მსვლელობის დროს კიდევ ერთხელ წამოტივტივდა „როგორც არაბოლომდე მიღებული გადაწყვეტილება“.
“ძალიან მკაფიოდ შემიძლია მოგახსენოთ იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტის არჩევითობის საკითხს უკავშირდება. ჯერ კიდევ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების შეხვედრის მეორე რაუნდზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პოლიტიკურ დონეზე, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის არჩევნები ირიბი წესით 2023 წლიდან ჩატარდება, ხოლო 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც აქამდე იყო - პირდაპირი, საყოველთაო და სახალხო წესით. თითქოს ამასთან დაკავშირებით შემდგომში აღარც გაგრძელებულა არანაირი დებატები, ვინაიდან როგორც ჩანს, აღნიშნული საკითხი ამოწურულად ჩაითვალა. მოულოდნელად, სამუშაო ჯგუფის მესამე რაუნდზე და, ამას სხვათა შორის, საეთერო დებატებში ოპონენტების დიალოგებიც მოწმობს, კვლავ გაიჟღერა იმ ფაქტმა, რომ არსებულ გადაწყვეტილებას, პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებულ წესს 2018 წლისთვის არ შევეხოთ და კვლავ ისე ჩატარდეს, როგორც აქამდე ტარდებოდა, შეიძლება გარკვეული საფრთხე შეექმნას, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილება “ქართული ოცნების“ მხრიდან ატარებდა კომპრომისულ ხასიათს ერთი პირის მიმართ. ერთი პირის მიმართ კომპრომისული გადაწყვეტილება სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ეს კომპრომისი შეიძლება შეიცვალოს დროის მდინარებიდან გამომდინარე, იმ პოლიტიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება “ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა მითითების სახით მიიღოს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რომლის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ხვალინდელ შეხვედრაზე უმრავლესობა საბოლოოდ გამოხატავს საკუთარ გადაწყვეტილებას.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილი პროექტით, საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით, დებატების გარეშე, ფარული კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია ირჩევს. კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ამოქმედების ვადები პროექტში გაწერილი არ არის.