დეკანოზ გიორგი მამალაძის სახელით, ამ კვირაში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი გაიგზავნება

დეკანოზ გიორგი მამალაძის სახელით, ამ კვირაში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი გაიგზავნება

დეკანოზ გიორგი მამალაძის სახელით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი ამ კვირაში გაიგზავნება. სარჩელის დეტალები დეკანოზთან მისმა ადვოკატებმა და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტებმა დღეს შეათანხმეს. 

დეკანოზი სარჩელით ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას ასაჩივრებს, რომლითაც დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. 

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა ეკა ლომიძემ აღნიშნა, საჩივრის გაგზავნა მას შემდეგ გადაწყდა, რაც პროკურატურამ დაცვის მხარეს კიდევ ერთხელ უთხრა უარი გაუთქმელობის პირობის მოხსნაზე.

“ველოდებით, რომ ევროპული სასამართლო იქნება უფრო მეტად ადეკვატური, ვიდრე პროკურატურა, რომელიც იმ პირობებში, როდესაც თვითონ შერჩევით ასაჯაროებს მტკიცებულებებს და აქვს მტკიცებულებების გამოქვეყნების შეუზღუდავი შესაძლებლობა, დაცვის მხარეს არ აქვს საშუალება, ამოირჩიოს მტკიცებულებები, დაკითხოს მოწმეები ან თუნდაც ჩაატაროს დამოუკიდებელი ექსპერტიზა. შესაბამისად, დაიცვას ბრალდებულის ინტერესები მაქსიმალურად”, - განაცხადა ლომიძემ.

მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დღეს შეთანხმდა ის დეტალები, რომელზეც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნი საჩივარი დგება.