გიორგი აბაშიშვილი - პრეზიდენტის ფუნქციები მცირდება, მისი არჩევის წესი იცვლება, უშიშროების საბჭო უქმდება, პრეზიდენტი ადმინისტრაციის გარეშე რჩება

გიორგი აბაშიშვილი - პრეზიდენტის ფუნქციები მცირდება, მისი არჩევის წესი იცვლება, უშიშროების საბჭო უქმდება, პრეზიდენტი ადმინისტრაციის გარეშე რჩება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს აფასებს და აცხადებს, რომ დოკუმენტის შინაარსიდან გამომდინარე, როცა პრეზიდენტს უმცირდება ფუნქციები და მისი არჩევის პირდაპირი წესი არაპირდაპირით იცვლება, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დადანაშაულება კომისიაში შემავალ ოპოზიციურ პარტიებთან კონსპირაციულ შეთქმულებში აზრს მოკლებული და არალოგიკურია.

„საკონსტიტუციო კომისიამ მასში შემავალ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მიიღო დოკუმენტი, როგორ მცირდება პრეზიდენტის ფუნქციები, როგორ იცვლება პირდაპირი არჩევის წესი არაპირდაპირით, როგორ უქმდება უშიშროების საბჭო, როგორ რჩება პრეზიდენტი ადმინისტრაციის გარეშე - ეს დოკუმენტი კომისიის იმ წევრებმა მიიღეს ერთობლივად, რომლებთანაც კონსპირაციულ შეთქმულებებში გვადანაშაულებდნენ. და სად არის აქ ლოგიკა? - თუ ასეთი ტიპის კონსპირაციულ შეთქმულებებს ვალაგებთ, გამოდის, რომ ჩვენ ვალაგებთ იმ კონსტიტუციურ პროექტს, რომელიც ამ კომისიამ მიიღო“, - აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

მისივე თქმით, როდესაც უმრავლესობა თვითიზოლაციაშია და სხვისი აზრის გათვალისწინებაზე ცალსახად უარს ამბობს, სხვადასხვა სახის კონსპირაციული შეთქმულებების თეორიები ჩნდება.

„ერთ-ერთი ასეთი მთავარი კონსპირაციის თეორია ჩამოყალიბდა სწორედ ისე, რომ საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ჩვენ, თურმე, ვესაუბრებით საკონსტიტუციო კომისიის წევრებს სხვადასხვა შეთქმულების თეორიებზე, კომისიის დატოვებაზე და ა.შ., რაც აშკარად, ლოგიკასაა მოკლებული“, - აღნიშნავს გიორგი აბაშიშვილი. 

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ხაზს უსვამს, რომ გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო რეფორმის პარალელურად პროექტს „კონსტიტუცია ყველასია“ ახორციელებს. 

„პროექტის ფარგლებში, პრეზიდენტი სხვადასხვა რეგიონებში მოსახლეობას ხვდება და მათ აზრს ისმენს. აღნიშნული ფორმატი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას დაეხმარება. მმართველმა გუნდმა არ იცის, თუ რა არის საზოგადოების დაკვეთა დღეს“, - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.