ჩემთვის მედიის თავისუფლება სხვისი ქონების წართმევა და მითუმეტეს, ამ პროცესის ქომაგობა არ არის

ჩემთვის მედიის თავისუფლება სხვისი ქონების წართმევა და მითუმეტეს, ამ პროცესის ქომაგობა არ არის

ჩემთვის მედიის თავისუფლება სხვისი ქონების წართმევა და მითუმეტეს, ამ პროცესის ქომაგობა არ არის, მედიის თავისუფლება არც ხალხის კუთვნილი გადასახადების არგადახდაა, რაშიც ზოგიერთი ბევრჯერაა შემჩნეული, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, დასავლეთის განვითარებულმა ქვეყნებმა ბოლო 50 წლის მანძილზე ძირითად ღირებულებით სისტემაზე დაფუძნებული წარმატებულად ფუნქციონირებადი დემოკრატია შექმნეს, “ჩვენ კი უკვე მეხუთე წელია ავტორიტარული მმართველობის შედეგების დაძლევაში ვართ“.

„ამ საქმეში ყველაზე მეტად დემოკრატიული ფასეულებების დანერგვა გვეხმარება, მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი გამოხატვის თავისუფლების დამკვიდრებაა. მისი მნიშვნელოვანი ნაწილი მედიის განთავისუფლება ხომ ჩვენი ხელისუფლების მიღწევაა. ქვეყანაში ციფრული მაუწყებლობის შემოღებამ გამოხატვის თავისუფლების შეუზღუდავი არეალი და შესაძლებლობა შექმნა. ციფრული მაუწყებლობის ამოქმედება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებაა. ასევე, რეკლამის განთავსებისთვის სრულიად თავისუფალი და არაკონტროლირებადი სივრცის დაშვება სხვა არაფერია, თუ არა თავისუფალი მედიისთვის ხელისშეწყობა. კარგად გვახსოვს ბატონი კეზერაშვილი მედიაში სარეკლამო ბაზარს როგორ ანაწილებდა. ან კიდევ შრომის კოდექსში იმის ჩაწერა, რომ დამსაქმებელი ვალდებულია დათხოვნის შემთხვევაში დაასაბუთოს მისი გადაწყვეტილების სისწორე, რომ მტკიცების ტვირთი მისი ვალდებულებაა, განა ამის შედეგი არ არის ის, რომ დღეს ბევრმა ჟურნალისტმა თავისი უფლება წარმატებით დაიცა სასამართლოს გზით?! „მედიის თავისუფლების“ რა დონეზე ვართ, როდესაც საზოგადოება უყურებს, როგორ ანაწილებს ზოგიერთი დირექტორი დავაში ჩართული მესაკუთრეების ქონებას - სხვის ქონებას ანაწილებს ისე, რომ თავად უწესებს წესებსაც და რაოდენობასაც, აბა, კარგი ბიჭი ხარ ამაზე ნაკლებს თუ არ გვაჩუქებო. თავის თანამდებობიდან გათავისუფლებას 5 მილიონ ამერიკულ დოლარად აფასებს და პირგასამტეხლოს აწესებს, ხოლო სხვის მთელ ქონებას როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური გამოვლინებით, მხოლოდ ნახევარ მილიონ ლარად. ცინიზმი აქ არ სრულდება. მესაკუთრეს ამორალური გარიგებით განსაზღვრულ სიმბოლურ თანხასაც არ უხდის, ამ უკანასკნელის მცდელობას სასამართლოს გზით დაამტკიცოს თავისი სიმართლე და დაიბრუნოს წართმეული ქონება, ყველა უხამსი სიტყვის გამოყენებით პასუხობს. დირექტორის თანამდებობა რომ 5 მილიონი აშშ დოლარი ღირს, ხოლო მთელი ტელევიზია ნახევარი მილიონი ლარი - ეს არ არის მედიის თავისუფლება, ეს არც გამოხატვის თავისუფლებაა, ჩემთვის მედიის თავისუფლება სხვისი ქონების წართმევა და მითუმეტეს, ამ პროცესის ქომაგობა არ არის. მედიის თავისუფლება არც ხალხის კუთვნილი გადასახადების არგადახდაა, რაშიც ზოგიერთი ბევრჯერაა შემჩნეული. მედიის თავისუფლების განმაპირობებელია მედისაშუალების მფლობელთა ვინაობისა და მათ მიერ მედიაში დაბანდებული ფინანსების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობა, ფაქტების სისწორის დაცვა, მოვლენების დაბალანსებული გაშუქება, შეფასებისას ობიქტურობაზე დაფუძნებული კრიტიკა, სარედაქციო პოლიტიკის ჩამოყალიბებისას რედაქციაში შემავალი ჟურნალისტების აზრზე დამოკიდებული პოლიტიკის შემუშავება და არა მხოლოდ დირექტორის, ან მესაკუთრის აზრზე დამოკიდებული პოლიტიკის წარმოება. ეს არ არის ხელისუფლებისა და ჩემი კრიტერიუმები, ეს საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებია და ყველას აქვს არჩევნის გაკეთების თავისუფლება - ან აღიაროს და დაიცვას ისინი, ან იგნორირება გაუკეთოს და მისი დარღვევით თავი ობიექტური ჟურნალისტიკის მიღმა დატოვოს“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, ის ყველა გამომსვლელს უსმენდა და ეგონა, რომ ვინმე ყურადღებას გაამახვილებდა 2016 წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენაზე - „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის სრულად ამოქმედებაზე. საკუთარ გამოსვლაში დეპუტატმა აღნიშნული კანონის შესახებ ისაუბრა.